ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

10 იანვარი 2020, 15:02 1502 ნახვა

რაულ ხაჯიმბას გადადგომის და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადების მოთხოვნით, სოხუმში,  ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები გრძელდება.  აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, განმეორებით "საპრეზიდენტო არჩევნებს" მოითხოვს გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის ცენტრში გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა - ჯერ ითქვა, რომ   ფაქტი დაადასტურა, ე.წ. შს მინისტრმა, თუმცა აფხაზური მედიის ცნობით, რაულ სმირმა თქვა, რომ გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, არ მომხდარა.

დღეს მინისტრთა კაბინეტში ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა მივიდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა შენობაში არ შეუშვეს.

მობილიზებული არიან ე.წ. სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის წარმომადგენლები და ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც. ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბა აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს. გუშინ, დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  ე.წ დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს.

გადადგომის წინადადებას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა.  ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური მიიჩნევს, რომ დადგენილება აფხაზეთში ვითარებას გაამწვავებს, ამიტომ ხაჯიმბა ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში