"არ გვქონდა ბერკეტი ნებართვა არ გაგვეცა" - ლაშა კომახიძე კლდიაშვილზე ისტორიული სახლის დანგრევაზე

24 დეკემბერი 2019, 16:47 2134 ნახვა

ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის 11 ნომერში, ის ერთადერთი ბელეტაჟი ინგრევა, რომელიც ქუჩის ამ ნაწილში შემორჩა. ეზოიანი ისტორიული სახლის დემონტაჟი უკვე დაიწყო. ეზოიანი ბათუმური ბელეტაჟის ნაცვლად, აქ შპს "ინვესტი" 8 სართულიან კორპუსს ჩადგამს. 

სახლი ხარაჩოებშია ჩასმული. ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში არსებული შენობის დანგრევაზე, ანუ მის ნაცვლად კორპუსის აშენებაზე ნებართვა, 4 წლის წინ, 2015 წელს იყო გაცემული, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან, ასევე ბათუმის მერიიდანაც. 

მერი ირწმუნება, რომ 2 წლის განმავლობაში ცდილობდა, პროექტი სხვა ადგილზე განხორციელებულიყო და არ გამოუვიდა, ბოლოს კი იძულებული გახდა კანონი აღესრულებინა.

მერს არ უთქვამს იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა მცდელობა, 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის მიერ გაცემული ნებართვა ან მერიის ძველი გადწყვეტილება სადაო გაეხადა ან ეჭვქვეშ დაეყენებინათ ნებართვების გაცემის კანონიერება. 

"ეს არის უკრაინული კომპანია, შპს "ინვესტი", რომლესაც ხელში ჰქონდა 2015 წელს დამტკიცებული პროექტი და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილება ამ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობის. 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ მათთან და ვცდილობდით, რომ არ განხორციელებულიყო ეს პროექტი და მომხდარიყო მისი ადგილმონაცვლეობა. მაგრამ, უკრაინული კომპანიის დაჟინებული მოთხოვნით, ფაქტიურად არ გვქონდა ბერკეტი იმისა, რომ არ გაგვეცა ნებართვა. საბოლოოდ, 2 წლის შემდეგ, გარკვეული არქიტექტურული ცვლილებების საფუძველზე, იმისთვის რომ მეტი სივრცე გაჩენილიყო ეზოში და საცხოვრებელი პირობების ხარისხი გაუმჯობესებულიყო, ჩვენ გავეცით არსებული ნებართვა" - ამბობს ლაშა კომახიძე. 

ბათუმში ისტორიული სახლების ნგრევა ათწლეულებია მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში კი ქალაქის ისტორიულ ნაწილში განადგურდა უამრავი ისტორიული სახლი, რომელიც მაღალსართულიანმა კორპუსებმა ჩაანაცვლა.  

საზოგადოება "ბათომი" და საინიციატივო ჯგუფები, 2016 წლიდან ითხოვენ ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებას. ამბობენ, რომ ქალაქის ძველ ნაწილის ურბანული ქსოვილის, ისტორიული განაშენიანების შესანარჩუნებლად, აუცილებელია ამ ტერიტორიას ზონის სტატუსი მიენიჭოს და შენარჩუნდეს ისტორიული სახლები. შეწყდეს ისტორიული სახლების ნგრევა ინვესტორების სასარგებლოდ, რადგან ამით იკარგება ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული იერსახე და ტურისტული პოტენციალიც. 

ზონის დამტკიცების პირობა ჯერ კიდევ გიორგი ერმაკოვმა დადო, შემდეგ ლაშა კომახიძემ, თუმცა ამის მიუხედავად ბათუმს ისტორიული ზონა ამ დრომდე არ აქვს. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი