ხელვაჩაურის მერია 174 000 ლარად სამი ავტომობილის შეძენას გეგმავს - ''ნაციონალური მოძრაობა''

10 დეკემბერი 2019, 12:00 1994 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, ხელვაჩაურის მერია მერის, მისი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის მაღალი გამავლობის სამი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 174 729 ლარია გათვალისწინებული.

საკითხი საკრებულომ დღეს უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ საკითხს. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ამბობენ, რომ მძიმე სოციალურ ფონზე მერიამ ახალი ავტომობილების შესაძენად თანხა არ უნდა დახარჯოს. 

''იმ დროს როცა ქვეყანაში არიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მძიმე სოციალური ფონი და  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ასეულობით ოჯახი არ აქვს ფინანსური საშუალება, ხელვაჩაურის მერი ყიდულობს ახალ ავტომობილებს. წარმოდგენილი აქვთ ბიუჯეტის პროექტი და დღეს უნდა დაამტკიცონ. ჩვენ მივმართავთ ''ქართული ოცნების'' წევრებს, თუ ოდნავ მაინც აქვთ ღირსება, მხარი არ დაუჭირონ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. თანხა, რომელიც ავტომობილებისთვის არის გათვალისწინებული, მძიმე სოციალურ ფონზე მცხოვრებ ოჯახებს მოხმარდეს. ამბობენ, რომ მანქანებს აიპებისთვის ყიდულობენ, მაგრამ დადასტურებულად ვიცით, რომ მერისთვის, მისი მოადგილისთვის და საკრებულოს თავმჯდომარისთვის ყიდულობენ. დღევანდელი დღე დაიმახსოვრეთ, თუ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მანქანებზე დაჯდებიან თანამდებობის პირები და არა აიპის თანამშრომლები'' - თქვა ბრიფინგზე თემურ დუმბაძემ. 

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილების შეძენა აიპიებისთვის იგეგმება. 

''მთავარი იყო მათთვის ეს აჟიოტაჟი, რომელიც სინამდვილეში თითიდანაა გამოწოვილი. აქ არაა საუბარი ფეშენებელურ ჯიპებზე, საუბარია პიკაპებზე. აუცილებელია მისი შეძენა. ქონება მოდის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე, შემდეგ უზურფუქტის წესით გადაეცემა იურიდიულ პირს ან აიპს.

ოპოზიციას ეჭვის შეტანა შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერში. ეს ავტომობილები გადაეცემა წყალკანალისა და სასაფლაოების აიპებს, თუმცა თუ საჭიროება გახდა ამ ავტომობილებით ვისარგებლებთ ჩვენც, რადგან ეს ქონება მერიის საკუთრებაა'' - ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში