მე ვისაც შევხდი შენი ჭირიმე, ყველა იძახის რომ დასაქმდება - დეპუტატი რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობაზე

09 დეკემბერი 2019, 15:23 2365 ნახვა

"მერია და საკრებულო კანონთან შესაბამისობაში განიხილავს ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ მიიღებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გამყარებული როგორც კვლევებით, ასევე იქნება სასარგებლო და ოპტიმალური. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობაც ადეკვატურად აღიქვამს ამას ყველაფერს...

ჟურნალისტი: მოსახლეობის დამოკიდებულება ვიცით, რომ არ მოსწონთ?

- ამას თქვენ ამბობთ და მე ვიცი რომ მოსწონთ. შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე, მე ვისაც შევხვდი ყველა იძახის რომ მოსწონს და დასაქმდება, ტქვენ ცდილობთ მიმართულება მომცეთ," - ასე უპასუხა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ილია ვერძაძემ მაუწყებლის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ბათუმის ისტორიულ კონცზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას და მასთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს ეხებოდა. 

ოპოზიციაში რივიერას მშენებლობისთვის ადგილმონაცვლეობას ითხოვენ, ხოლო დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ კვლევებს უნდა დაელოდონ და შემდეგ შეაფასონ ეს პროექტი. 

ბათუმის რივიერაზე, სადაც 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, ტერიტორია ორი დღის წინ შემოიღობა. რკინის კონსტრუქციები და ღობე სანაპიროს მხრიდან, ეშმაკის ბორბლის მიმართულებით, ნაწილობრივ არის გაკეთებული.  ბათუმი რივიერას დირექტორის  გიორგი კაპანაძის განცხადებით  რივიერას ტერიტორიაზე  უნდა დაიწყონ სატესტო ხიმინჯების მოწყობა, სწორედ ამიტომ დაიწყეს შემოღობვა. შემოღობვის ნებართვა კაპანაძის თქმით,  ბათუმის მერიისგან მიიღო.  ინფორმაციას ადასტურებენ მერიაშიც. 

ბათუმის ისტორიულ კონცხზე, ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, "სილქ როუდ ჯგუფმა" გასული წლის ივლისში გაავრცელა და პროექტის საჯარო განხილვაც მოაწყო. 

ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მალევე საზოგადოების ნაწილმა, ისტორიულ ზონაში შეუსაბამოდ მაღალი შენობების აგება გააპროტესტა. მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით აქციები პროექტის წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. საპროტესტო აქციებში ჩაერთო "საზოგადოება ბათომი", რომელიც სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ტერიტორიას ისტორიული დაცვის ზონაშია და იქ 3 სართულიანი შენობებზე მაღალი კორპუსების ჩადგმა შეუსაბამო და უკანონოა. 

​პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა "მწვანე ალტერნატივაც", რომელის წევრები თვლიან, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, ამ კონცხზე შესაბამისი კვლევების გარეშე განხორციელება, ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს. 

საინიციატივო ჯგუფის - "დაიცავი ბათუმის" წევრები კი (ჯგუფი იმ მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს "ძველი ბულვარისა" და "რვაფეხას" დაცვის აქციებში იყვნენ ჩართულები- ავტ.) ამბობენ, რომ სანაპიროზე დარჩენილი ერთადერთი ღია სივრცე, ძველი ბათუმის ნაწილი, არ უნდა "ჩაბეტონდეს". 

წლის განმავლობაში, რივიერას საკითხზე ათეულობით ქუჩის აქცია გაიმართა და პერფომანსი მოეწყო, გაკეთდა -, პრემიერის, "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თუ ადგილობრივი მთავრობის მისამართით. შეგროვდა 800-მდე მოქალაქის ხელმოწერა, რომლებიც გაეროს დაფინანსებით ჩატარებულ მულტიდისციპლინარულ კვლევას ეყრდნობიან, სადაც ეკოლოგიურ საფრთხეებზეა საუბარი. ხმაური და პროტესტი მოჰყვა ყველა საკრებულოს სხდომას, სადაც პროექტის სხვადასხვა ეტაპის დამტკიცების საკითხი გადიოდა. 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში