"აჭარის მაუწყებელს სიუჟეტში მერაბ ბლადაძის აზრი არ შეუცვლია" - დეპუტატის საჩივარი ბოდიშის მოხდაზე არ დაკმაყოფილდა

04 დეკემბერი 2019, 10:53 2118 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აჭარის ტელევიზიისგან დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდას ითხოვდა. მერაბ ბლადაძემ ამ მოთხოვნით ტელევიზიას ჯერ წერილობით მიმართა, შემდეგ კი მაუწყებელში თვითრეგულირების კომისიის შექმნა და საკითხის განხილვა მოითხოვა. 

მერაბ ბლადაძემ, 17 ოქტომბერს, გადაცემა "სათქმელში" თქვა: „რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი თემურ ქორიძე, რატომ უნდა ღებულობდეს სამიათას ლარ ხელფასს, ადგილობრივი არ გვყავს? ასეთი უვიცები არიან ადგილობრივები?“...

მასალის მომზადების დროს, საინფორმაციო გამოშვების ტიტრზე კი ეწერა: "ადგილობირვები არ გვყავს, ჩამოსულებს რომ ვასაქმებთ?" 

არაზუსტი ფრაზის გამო, მაუწყებელმა შესწორება დაუყოვნებლივ გააკეთა და ვებ-გვერდზე  გაავრცელა - შესწორება: „მთავარის“ ეთერში მერაბ ბლადაძის განცხადების შესახებ მომზადებულ მასალაში  (სათაურში და სიუჟეტის წარდგენაში) სიტყვა „ჩამოსული“ წარმოჩინდა რესპონდენტის ციტირებად.

თვითრეგულირების კომისიამ განიხილა საკითხი და მიიჩნია, რომ აჭარის ტელევიზიას არ დაურღვევია არც მაუწყებლის ქცევის კოდექსი და არც მაუწყებლის შესახებ კანონი. მას არ ჰქონდა შესწორების გაკეთების ვალდებულებაც.

კომისია, რომელმაც ეს კონკრეტული შემთხვევა განიხილა, სამი წევრისგან შედგებოდა:

ხელმძღვანელი გიორგი მგელაძე - საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე

ეკა ფირცხალავა - "დოიჩე ველეს" აკადემიის სტრატეგიული მენეჯმენტის კონსულტანტი

ნათია აფხაზავა - "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი. 

''კომისიის სამივე წევრი ვთანხმდებით, რომ ბატონმა ბლადაძემ მის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, პრობლემად წარმოაჩინა ის, რომ ადგილობრივების ნაცვლად ასაქმებენ არაადგილობრივებს. აქედან გამომდინარე, წამყვანის მხრიდან არაადგილობრივის მონაცვლედ თავისუფლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო სიტყვა ''ჩამოსული''. წამყვანის ასეთი ინტერპრეტირებით არ მომხდარა გამომსვლელის აზრის, შინაარსის შეცვლა, მისი დამახინჯება, რადგან გადაცემაში მერაბ ბლადაძის მთელი ციტატა ''ჩამოსულების დასაქმების'' პათოსითაა გაჟღენთილი.

მედიაპროდუქტის შექმნისას სიზუსტის დაცვა არ ნიშნავს რესპონდენტის ციტატის ზუსტ კოპირებას. მსგავს შემთხვევაში, მთავარია ჟურნალისტმა არ დაამახინჯოს რესპონდენტის მთავარი აზრი, შინაარსი. არ წარმოაჩინოს ისე, რაც არ თქმულა, რაც არსებითად შეცვლის ინფორმაციას.

აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აღნიშნულ პროდუქტში არ დაურღვევია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 და მე-14 მუხლის მოთხოვნები. ასევე მაუწყებლის შესახებ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად არ უნდა მოხდეს მისი უარყოფა ან შესწორება" - წერია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ამასთან კომისიამ შენიშვნის სახით დაწერა, რომ მაუწყებელმა მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, ვებ-გვერდზე შესწორებაც გამოაქვეყნა, სადაც დაზუსტებული იყო, რომ სიტყვა ჩამოსული ბლადაძეს არ ეკუთვნოდა და მისი ზუსტი ციტირება ქვემოთ იყო მოყვანილი. კომისია ფიქრობს, რომ ამის ვალდებულება მაუწყებელს არ ჰქონდა, რადგან არსებითი შეცდომა არ ყოფილა, თუმცა ისინი ტელევიზიის მხრიდან რესპონდენტის გამოთქმულ პრეტენზიაზე მყისიერ რეაგირებას მიესალმებიან.

 

მთლიანი დასკვნა იხილეთ ბმულზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში