ბათუმელი სტუდენტები დედაქალაში სტუდენტურმა თვითმმართველობამ წაიყვანა - რატომ იკრიბებიან თბილისში ახალგაზრდები?

02 დეკემბერი 2019, 18:28 1041 ნახვა

დღეს აჭარიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, სტუდენტები სამარშრუტო ტაქსებით დედაქალაქისკენ მიემგზავრებიან. თბილისში ახალგაზრდული კვირეული უნდა ჩატარდეს, რომელიც ოფიციალური ვერსიით, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად უნდა გაიმართოს. 

სტუდენტებმა შეტყობინებები უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობებისგან მიიღეს და სწორედ ისინი უწევენ ამ პროცესს ორგანიზებას. აჭარის მაუწყებელი რამდენჯერმე ეცადა დავკავშირებოდით სტუდენტურ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თუმცა მათ სატელევიზო კომენტარი არ გააკეთეს. 

"სტუდენტები ვართ, ახალგაზრდები და რისთვის წავალთ თქვენი აზრით?", "რავიცი, რაღაც გართობააო და მივდივართ" - ეს იყო კომენტარები, რომელიც სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტიდან წასვლამდე, "მთავარი არხის" ჟურნალისტთან გააკეთეს. 

პოლიტიკოსები ოპოზიციიდან კი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა თბილისში ხელისუფლება კონტრაქცია გეგმავდეს და ბათუმიდან და სხვა რეგიონებიდან სტუდენტების მობილიზება თბილისში ამიტომ სჭირდებათ, თუმცა ამაზე მტკიცებით ფორმაში ვერ საუბრობენ. "დამთხვევა საეჭვოა, ვნახოთ იქნება ეს კონცერტი თუ არ იქნება. წაიყვანენ ამ სტუდენტებს უკან თუ არა, მაგრამ ფაქტია, "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა ტაქტიკა და თუ აქამდე დავიწყებული ჰქონდათ ეს ტიტუშკებით მანიპულაცია, ახლა ისევ გადავიდნენ ამ სახიფათო გზაზე" -  განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვილმა.   

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ "ქართუ ოცნებას" არ აქვს დაგეგმილი რაიმე ტიპის არც აქცია და არც კონტრაქცია და სტუდენტების თბილისში ჩასვლა, არ უკავშირდება რაიმე გეგმას, ისინი ახალგაზრდულ ღონისძიებას უნდა დაესწრონ.    "არაფერი გვაქვს საკონტრაქციო ნაციონალურ მოძრაობასთან, ისინი მილევად რეჟიმში არიან და მიილევიან. ჩანიშნულია ღონისძიება, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის სტატუსის მინიჭებას ეძღვნება. ეს არის პროცესი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი