26 ნოემბერს აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს - EMC

28 ნოემბერი 2019, 14:43 1171 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, 26 ნოემბერს სახელმწიფომ აქციის დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

​EMC-ს შეფასებით, საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციებს სახელმწიფო ყველა ჯერზე პასუხობდა მხოლოდ საპოლიციო ძალებით.

''უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები. განსაკუთრებით მწვავე და არაპროპორციული იყო პოლიციის მოქმედება 26 ნოემბერს, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, დილის 5 საათზე, პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტები'' - წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციის განმარტებით, 26 ნოემბრის დილის მოვლენების შეფასება რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებით უნდა მოხდეს:

''1.სახელმწიფომ მის მიერ გაცხადებული მიზნის (საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების აღდგენა) მისაღწევად, არ სცადა ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდავი მეთოდების გამოყენება;

2.პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს შეეძლო, სამუშაო დროის დაწყებამდე გონივრული დროით ადრე, გაეთავისუფლებინა შენობის ერთ-ერთი შესასვლელი. ნაცვლად ამისა, სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალისა და მექანიზმების გამოყენებით შეზღუდეს შეკრებისა და მანიფესტაციით სარგებლობის უფლება. მათ შორის, აქციის მონაწილეებს უზღუდავდნენ და ართმევდნენ ისეთ ნივთებს თუ ატრიბუტიკას, რაც არ წარმოშობდა ძალადობის მყისიერ საფრთხეს;

3. სამართალდამცავი უწყებების სტრატეგია მდგომარეობდა მაქსიმალურად სწრაფად, რისკების გაუთვალისწინებლად, აქციის მონაწილეების დაშლაში. ამავდროულად, აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას და რეპრესიულ მექანიზმებს, შესაძლოა ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი მომავალში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სრულყოფილად და დაუბრკოლებლად სარგებლობაზე;

26 ნოემბრის დილას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მოგვარების სტრატეგიისა და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობა. კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, ხელისუფლებამ არ გამოიჩინა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისა და კომპრომისების ძიების ნება. სანაცვლოდ,  მმართველმა გუნდმა ხისტი და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რაც პროცესების ესკალაციის წინაპირობა გახდა. პროტესტის ჩასახშობად საპოლიციო ძალების გამოყენება აგრეთვე იქცა ძალის დემონსტრირების იარაღად.

EMC-ს შეფასებით, 26 ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ დემონსტრანტების მოქმედებები იყო აშკარად მშვიდობიანი და მიზნად არ ისახავდა პროცესების ძალადობრივ ფორმებში გარდასახვას. პროტესტის ფორმად საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების მშვიდობიანი პიკეტირებაც, შეკრების უფლებით დაცულ სფეროში ექცევა. სახელმწიფოს მხირდან ამ სახით ძალის დემონსტრირებას მხოლოდ მსუსხავი ეფექტი აქვს და ემსახურება საზოგადოებაში ერთგვარი შიშის დანერგვასა და  ამ გზით საპროტესტო მუხტის ჩახშობას,'' - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში