დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

21 ნოემბერი 2019, 17:10 540 ნახვა

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან  10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.

"დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს."-წერია მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, სამართალდამცავებმა პრობლემური საფუძვლებით მიიღეს დემონსტრანტების დაკავების გადაწყვეტილება. ამავდროულად, პროცესების დაგვიანების გამო, დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების ვადები და დაკავებული პირების ნაწილი 19 ნოემბერს უკვე უკანონოდ იმყოფებოდნენ თავისუფლებაშეზღუდულები. საბოლოოდ, 20 ნოემბერს, გვიან ღამით, მოსამართლე იძულებული გახდა  დაკავებულები გაეთავისუფლებინა და საქმეთა განხილვა მეორე დღისთვის გადაედო.

განცხადებაში წერია, რომ საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე ცალმხრივად ზღუდავდა დემონსტრანტების ადვოკატების შესაძლებლობებს სრულფასოვნად მოეხდინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა.

"ადვოკატებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლეოდათ საქმის გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატებს მხოლოდ ორი წუთი გამოეყოთ პოზიციების წარმოსადგენად. პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევაში პოლიციამ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები.

საქმეებში ძირითადად დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები იყო წარდგენილი და იშვიათ შემთხვევაში, მედიის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, თუმცა ამ მასალაშიც პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაკავებული პირების ამოცნობას და კონკრეტულად იმის მითითებას, თუ რა ქმედების გამო მიიჩნეოდნენ ისინი სამართალდამრღვევებად"-ნათქვამია განცხადებაში.

მესამე სექტორი საეჭვოდ მიიჩნევს იმასაც, რომ დაკავებაში მონაწილე არც ერთმა პოლიციელმა სასამართლოში არ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ჩანაწერი ჰქონდათ და პოლიციელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირდა დაკავების მომენტის აღწერა.

"მოსამართლე წყვეტდა საქმეს და გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა ოთახიდან, როგორც ჩანს ინსტრუქციის მისაღებად.გაუგებარი იყო მოსამართლის მიერ გამოყენებული სანქციების შერჩევის პრინციპი, პატიმრობების გამოყენება მოხდა 3-დან 13 დღის შუალედში, თუმცა რა ლოგიკით მოხდა კონკრეტული დღეების რაოდენობის განსაზღვრა ამ დრომდე გაუგებარია. განსაკუთრებით მკაცრი იყო სასჯელები აქციის ორგანიზატორების მიმართ. საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არ არსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო"- ნათქვამია  განცხადებაში.

17 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ, მმართველ პარტიას და მათ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი