აჭარის მაუწყებლის დირექტორობის 10 მსურველიდან კონკურსს მხოლოდ ერთი გამოეთიშა

21 ნოემბერი 2019, 14:24 1788 ნახვა

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსს მხოლოდ ერთი კანდიდატი ნათია შავაძე გამოეთიშა. როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თქვეს, დოკუმენტაციაში მას მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი ცნობა არ წარმოუდგენია, რაც კანონით სავალდებულო იყო. 

საკითხი კენჭისყრაზე დადგა და მას 4 მრჩეველმა დაუჭირა მხარი, მოგვიანებით კი დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით დანიშნულმა თამარ წილოსანმა ითხოვა, რომ ნათია შავაძისთვის საჭირო საბუთის წარსადგენად დრო მიეცათ. 

მრჩეველს საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა განუმარტა, რომ სამართლებრივად მსგავსი პრეცენდენტის დაშვების პრაქტიკა არ არსებობს, რადგან ნათია შავაძის მიერ წარდგენილ დიპლომის დანართში ბაკალავრის ხარისხია მითითებული.

გასაუბრება დღეს და ხვალ გაიმართება. მრჩეველთა საბჭოს წევრები 21 ნოემბერს, დავით ჩხარტიშვილს, ფირუზ ბოლქვაძეს, შოთა ზოიძესა და შოთა გურაბანიძეს გაესაუბრებიან. 

22 ნოემბერს კი, გიორგი კოხრეიძეს, ნათია ზოიძეს, მაია მერკვილაძეს, ლაშა ზარგინავასა და შოთა გუჯაბიძეს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ  5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა. ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილის ამბობდა, ჰქონდა მოლოდინი, მე-4 კონკურსზე, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო კანდიდატების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ არც ბევრი დრო ჰქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დაინტერესებულიყო. 

მედიაექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კონკურსის შეჩერებამ მისცა შანსი უკვე ახლად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს აერჩია დირექტორი, რომლის უმრავლესობა - ანუ სამი წევრი, მართველი პარტიის კვოტით არის წარდგენილია და არჩეული. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად მიიჩნიეს, დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს და განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში