ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ბულინგის გამო მაჟორიტარები განაწყენდნენ

14 ნოემბერი 2019, 14:49 939 ნახვა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ოპოზიციონერმა კოლეგებმა ბულინგი დაიწყეს.

''ქართული ოცნების'' დეპუტატი კოლეგების გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლებმაც კენჭისყრის შემდეგ თანამდებობები და უმრავლესობა დატოვეს. გია ვოლსკის თქმით ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა მათი წასვლით უმრავლესობა არ დაიშლება. 

''სამწუხარო პოზიციაა, არ ველოდი. რამდენიმე კოლეგის წასვლა არ დაშლის უმრავლესობას. უბრალოდ სამწუხაროა, ისინი პოლიტიკურად და ადამიანურადაც დადებითები არიან. ჩანაცვლება შეიძლება, შეუცვლელი არავინაა. ეს გადაწყვეტილება სწორ ანალიზზე დაფუძნებულად არ მიმაჩნია. 

იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დაპირისპირება, ჩემი პოზიცია იცით, მაჟორიტარული სიტემა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ დრო არის ყველა პარტიამ აიღოს საკუთარ თავზე პასუხიმგებლობა. პროპორციული სისტემა ამის საუკეთესო გზაა'' - უთხრა ჟურნალისტებს მმართველის გუნდის დეპუტატმა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა საპარლამენტო თანამდებობებს და უმრავლესობას დატოვეს.

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში