უმრავლესობის წევრები ''ქართული ოცნების'' ოფისში შეიკრიბებიან 

13 ნოემბერი 2019, 09:28 1075 ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. 

პარლამენტში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული, 10:00 საათზე კი, მმართველი გუნდის წევრები შეიკრიბებიან.

უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორია.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს, აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებს.

„გუნდურობის ყველა წესის, კოლეგიალობის და მეგობრობის ყველა წესის დაცვით ვაპირებთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა. სხვას არაფერს ვაპირებთ, არც რამის შეთავაზებას. მგონია, რომ გუნდი დარჩება იმ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორიც უკვე შევპირდით საზოგადოებას”, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში