ჩემი, როგორც კანდიდატის დისკრიმინაცია მოხდა - აჭარის მაუწყებლის ყოფილი მრჩეველი

07 ნოემბერი 2019, 17:01 1245 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბეჟან გობაძემ უმაღლესი საბჭოს საკონკურსო კომისიას უჩივლა. ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მისი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

კომისიამ, ბეჟან გობაძე გასაუბრების მეორე ეტაპზე არ გადაიყვანა და ის კონკურსს გამოეთიშა. 

''ვუჩივი იმ ნაწილში, რომ მოახდინეს ჩემი, როგორც კანდიდატის დისკრიმინაცია. მათი აზრით მე ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' ვიყავი დაკავშირებული, ამის შესახებ კომისიის წევრებმა სხვადასხვა გადაცემაში ისაუბრეს და ნათლად გამოჩნდა მათი პოზიცია. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში შევიტანე სარჩელი. ვუჩივი უმაღლესი საბჭოს მიერ დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც აჭარის საზოგადობრივი მაუწყებლის წევრებს არჩევდა,'' - ამბობს ბეჟან გობაძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 1 წევრის შესარჩევად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გუშინ გამოაცხადა. სამი წევრი, სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და თამარ წილოსანი კი, დეპუტატებმა  25 ოქტომბერს დაამტკიცეს. 

სოსო სტურუა და თამილა დოლიძე, საბჭოში ''ქართული ოცნების'' კვოტით მოხვდნენ, თამარ წილოსანი კი, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დაასახელა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში