სასულიერო პირების მხრიდან, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს - ომბუდსმენი

07 ნოემბერი 2019, 12:08 1241 ნახვა

სახალხო დამცველი სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ნინო ლომჯარია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი ყველა ინფორმირებულ პირს მოუწოდებს, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდეს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში კი, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება.

''ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა ჩადენილი იყოს არასრულწლოვანთა მიმართაც.

მინდა განვმარტო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირების თხოვნით წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს'' - წერია განცხადებაში. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი