შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე უცხო ქვეყნიდან - შსს

29 ოქტომბერი 2019, 13:24 1362 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის კონკრეტულად საიდან განხორციელდა კიბერშეტევა. უწყებაში ამბობენ, რომ ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება და ექსპერტიზა მიმდინარეობს. 

''შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. ამ ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება'' - წერია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელევიზიის სერვერებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებსაც იკვლევს. გამომწვევი მიზეზის დადგენას სამუშაოები მიმდინარეობს. 

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში