კონკრეტულ გადაცდომებზე მერია ვალდებულია რეაგირება ჰქონდეს, ასეც იქნება - თორნიკე რიჟვაძე

15 ოქტომბერი 2019, 16:47 1636 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები, სამშენებლო სფეროს რეგულირებისთვის ყველაფერს აკეთებენ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში მილიონ ნახევარ კვადრატზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა და ყველა კანონის სრული დაცვით.

ჟურნალისტმა კითხვა, ბათუმში 8 სართულიანი სახლის უკანონოდ აშენებასთან დაკავშირებით დაუსვა. თავდადებულის ქუჩაზე ინვესტორმა კორპუსი ისე ააშენა, რომ ბათუმის მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. მერიამ სახლის დანგრევა ''პრესტიჟის საქმედ'' გამოაცხადა და საკითხი რეაგირებისთვის აღსრულების სამსახურს გადასცა. 

''რაც შეხება კონკრეტულ გადაცდომებს, ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია განახორციელოს რეაგირება და დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება. რაც შეეხება, ზოგადად ურბანულ განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მილიონ ნახევარ კვადრატზე მეტი სამშენებლო ნებართვა გავეცით, ყველა ნებართვა მოქმედი კანონმდებლობის და რა თქმა უნდა თავად მშენებლობის ნორმების სრული დაცვით არის გაცემული.  კონკრეტულ დეტალებზე ბუნებრივია საუბარი გამიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერია გააკეთებს ყველაფერს რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ განხორციელდეს ჯეროვანი რეაგირება'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თორნიკე რიჟვაძემ

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე კი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიებთან ხელჩართული ბრძოლა აქვთ.  '' იმ ინსტრუმენტების ფარგლებში, რომლებშიც მერია რეაგირება შეუძლია, ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. მათ შორის შესაბამის ორგანოებში გაგზავნა მოთხოვნა დემონტაჟთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერ ვღებულობთ იმ დამაკმაყოფილებელ რეაგირებას, რომელსაც ვისურვებდით'' - უთხრა მაუწყებელს ლაშა კომახიძე, თუმცა მერს კონკრეტულად ვის ან რომელ უწყებას გულისხმობდა აღარ განუმარტავს. 

თორნიკე რიჟვაძემ კი თქვა, რომ არ იცის, ბათუმის მერი ამ უწყებებში ვის გულისხმობდა.

''სხვა უწყებებში ვინ იგულისხმება? მე მგონი არ ელით ჩემგან, რომ გამოვიცნობ ვინ არის სხვა უწყება,'' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში