ნატო კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ ვერ გვაწევრიანებს - ირმა ინაშვილი 

04 ოქტომბერი 2019, 10:38 2222 ნახვა

''პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერი ირმა ინაშვილი, სასტუმრო ჰილტონში მივიდა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებიან. დეპუტატი აპირებს მოხსენებით გამოვიდეს და დელეგატებს ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნოს. 

ირმა ინაშვილის თქმით, ერთია რაზეც ხელისუფლება საუბრობს, საზოგადოების განწყობა და პოზიციები კი სხვაზე მეტყველებს. ამბობს, რომ ქვეყანაში განწყობები რადიკალურად შეცვლილია. 

''პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი და რუსეთთან დიალოგი ეს არის გამოსავალი. 

''ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბათუმში რამდენიმე დღის წინ ჩაატარა საყოველთაო გამოკითხვა, შედეგები არის ძალიან საინტერესო. გამოვკითხეთ ბათუმელების დიდი ნაწილი, 77 000-ზე მეტი მოქალაქე და აქედან 69 % დაახლოებით, 53 130 ბათუმელი მხარს უჭერს ავსტრია-შვეიცარია-ფინეთი-შვედეთის სამხედრო მიუმხრობლობის მომენტს. 75%-მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ცხინვალთან, სოხუმთან, მოსკოვთან.

ქვეყანაში განწყობები შეიცვალა, სამწუხაროდ ამის აღიარება არავის არ უნდა. ჯერ კიდევ საუბრობენ 2008 წლის პლებისციტის მონაცემებით, თუმცა ჩვენი მოსახლეობის 77% უჭერდა მხარს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ დღეს განწყობები შეცვლილია. ამაზე მიუთითებს გამოკითხვა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ამ მონაცემებს დღეს ნატოს წარმომადგენლებს გავაცნობთ. 

რა თქმა უნდა კარგია, როცა 29 ქვეყანა გიცავს, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ნატო ჩვენ მხოლოდ გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, გვეუბნებიან, რომ რაღაც კრიტერიუმები გვაქვს დასაკმაყოფილებელი. მე ვფიქრობ, ეს კრიტერიუმები დიდი ხნის წინ დავაკმაყოფილეთ. ჩვენი კონტრიბუცია ძალიან დიდია ნატოში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა და სხვა რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ. ნატო კი, კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა და ჩვენ ვერ გვაწევრიანებს'' - ამბობს ირმა ინაშვილი. 

დეპუტატი ამბობს, რომ ის პროტოკოლს არასდროს არღვევს და ამ შემთხვევაშიც სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, ბათუმში 77 ათასი ადამიანი გამოკითხეს, რაც მოსახლეობის ნახევარზე მეტია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში