აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი 23 ადამიანმა გამოთქვა

01 ოქტომბერი 2019, 11:37 1258 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭოს 23-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომლებსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობა სურთ. 4 ვაკანტური ადგილისთვის 23 კონკურსანტი იბრძოლებს. 

მათ შორის არიან მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლებიც: თამილა დოლიძე, გია ქარცივაძე, ფირუზ ბოლქვაძე, სტელა ახვლედიანი, ემზარ დიასამიძე, რაულ ბერიძე, გიორგი გოგიბერიძე.

ასევე,  მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლები: სოსო სტურუა, გიორგი წულაია და ირაკლი ანთიძე. სოსო სტურუა ტელევიზიის ყოფილი დირექტორი იყო, გიორგი წულაია კი წამყვანი.  

სიაში არიან  უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები: სოფიო კობალაძე, გელა ღოღობერიძე, თამარ წილოსანი. 

გელა ღოღობერიძე წლებია საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს, სოფიო კობალაძე - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა, თამარ წილოსანი -  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა.

ცნობილია 5 კაციანი ჯგუფის ვინაობა, რომლებმაც საბუთებით უნდა გადაარჩიონ კანდიდატების კვალიფიკაცია რამდენად ემთხვევა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გადასცენ დეპუტატებს შესარჩევად. ესენია ერმილე მესხია, ასლან ლორთქიფანიძე, ლევან გობაძე, ლევან ჯაყელი, მანანა შარაშიძე.

კანდიდატთაგან ორს  ფრაქცია ,,ქართული ოცნება“,  ერთს ,,ნაციონალური მოძრაობა“, ერთს კი, ფრაქციის მიღმა დარჩენილი პარტიები შეარჩევენ.  

ოთხ მრჩეველს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურებათ.

რაც შეეხება გიგა ჩხარტიშვილს, ის მრჩეველთა საბჭოს წევრად 2018 წლის 1 ნოემბერს აირჩიეს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში