ცოფით ყოველწლიურად მსოფლიოში 59 ათასზე მეტი ადამიანი კვდება

28 სექტემბერი 2019, 12:57 2832 ნახვა

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ცოფი მსოფლიოში კვლავ რჩება გამოწვევად და ყოველწლიურად 59 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, უმეტესად აზიასა და აფრიკაში.

ცოფი - ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. თითქმის 99% ადამიანებზე ცოფის ვირუსის გადაცემა ხდება ძაღლებისგან.

საქართველოში წლების მანძილზე ადამიანთა ცოფით დაავადება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. გასული საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განაპირობებდა მოხეტიალე ცხოველთა უმართავ პოპულაციებს, მათში ცოფის გავრცელებას, ცხოველთა მიერ ადამიანთა დაზარალების რიცხვის ზრდას. რიგ შემთხვევებში მწვავედ დგებოდა ანტირაბიული მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხი. ადამიანთა ცოფით დაავადების ზრდის ტენდენციამ მაქსიმალურ რაოდენობას 1996 წელს მიაღწია, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2009 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში შეჩერებული იყო ცხოველებში ცოფის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და მათი ვაქცინაცია ხდებოდა მხოლოდ ცხოველთა მეპატრონეების მიერ  ისიც ძალზე მცირე რაოდენობით, შესაბამისად აღნიშნულ წლებში ეტაპობრივად მოიმატა ცოფის შემთხვევებმა ცხოველებში. 

მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა ქვეყანაში გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება და ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება.

2013 წელს სურსათის ეროვნულმა სააგანეტომ დაიწყო შინაური ხორცისმჭამელი ცხოველების (ძაღლი და კატა) ცოფის საწინააღმდეგო უფასო მასიური პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანია, რომელიც ყოველწლიურად მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონის 3000-მდე სოფელს.

2013 წლიდან აღინიშნება ცხოველების ცოფით დაავადების შემთხვევების კლება, ასევე აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის შემდგომ დაავადების მკვეთრი კლება აღინიშნება ძაღლებში.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! ​ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს მოსახლეობაში დაავადებაზე ცნობიერების დონის ამაღლებას, ინფორმაციის ფართო გავრცელებას სიცოცხლის გადასარჩენად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში