როგორ დაასაბუთეს, რომ 4 წევრის უმრავლესობა ორია? - თამარ კორძაია კოხრეიძის საჩივარზე

26 სექტემბერი 2019, 17:36 2352 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეჩერდა.

სარჩელი გიორგი კოხრეიძემ შეიტანა. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ აჭარის საზოგადოებრივის მაუწყებლის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე, ხმათა უმრავლესობით, სწორედ კოხრეიძემ გაიმარჯვა.

22 აგვისტოს, მრჩეველთა საბჭოს სხდომას, სადაც მაუწყებლის დირექტორი უნდა აერჩიათ, ბორდის 4 წევრი ესწრებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 

ეს გადაწყვეტილება გახდა სარჩელის მომზადების მთავარი მოტივი. 

''ფაქტია ერთ რამე,  სხდომას ესწრებოდა 4 წევრი, 4 ადამიანი და 2 მისცა ხმა გიორგი კოხრეიძეს. როგორ დაასაბუთა, რომ ორი, ოთხი წევრის შემთხვევაში, არის უმეტესობა''? - ეს კითხვა ყოფილმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დასვა. იგი ფიქრობს, რომ სასამართლოს განჩინება აუცილებლად გახდება სადავო. 

''ამაზე მე არგუმენტაცია არ მინახავს. ამიტომ ეს სადავოა, კენჭისყრაში არ ვიღებ მონაწილეობას ეს არ ნიშნავს, რომ სხდომაზე არ ხარ და ამ ნაწილში შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება სადაო გახდეს'' - უთხრა მაუწყებელს 

მაუწყებლის დირექტორის მეოთხე კონკურსის სასამართლოს ძალით შეჩერების ფაქტი არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება  - მიაჩნიათ მედიაექსპერტებს. ისინი პოლიტიკურ ინტერესებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან მათი თქმით, აჭარის ტელევიზია და რადიო თავისი სარედაქციო პოლიტიკით ხელისუფლებისთვის მიუღებელია

ექსპერტების განცხადებით, მთავრობა სწორედ სასამართლოს იყენებს, რომ დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში