რა დასჭირდებათ აბიტურიენტებს გრანტის მოსაპოვებლად 2020 წელს

24 სექტემბერი 2019, 10:52 1937 ნახვა

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამაზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უკვე ცნობილია, რომ ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება გრანტს. გრანტი მომდევნო წელსაც სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებას, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემა - ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. უმაღლესი დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი.

აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში