თორნიკე რიჟვაძემ იცის რამდენია 3 მილიარდი ლარის ინვესტიცია? - ელგუჯა ბაგრატიონი

19 სექტემბერი 2019, 12:57 4891 ნახვა

''თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 3 მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, თუ იცის რამდენია სამი მილიარდი? ყოველდღიურად ხელით, რომ შემოიტანოს ეს თანხა, ახალ წლამდე თუ მოასწრებ? - ეს კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში კოლეგებს დაუსვა. ადრესატები ''ქართული ოცნების'' წევრები იყვნენ. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატი ფიქრობს, რომ დასახელებული ციფრები არარეალურია და მსგავსი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას რეგიონის ხელისუფლება ვერ მოახერხებს. 

''მთავრობის თავმჯდომარე ყოველდღიურად ზრდის ინვესტიციების რაოდენობას, ანგარიში წარდგენის დროს ერთი მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვა თქვა, მერე ორი მილიარდი და ახლა წლის ბოლომდე  3 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს. თუ იცის რამდენია სამი მილიარდი? '' - თქვა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომაზე.

ოპოზიციონერ დეპუტატს დავით ბაციკაძემ უპასუხა. უთხრა, რომ სამი მილიონი ლარის ინვესტიციაში დაწყებული პროექტების დასრულებას გულისხმობდა. 

''გარკვევით ითქვა, რომ მილიარდის ინვესტიცია უკვე მიმდინარეობს, პარალელურად იმ პროექტებზეა საუბარი, რომელიც გაჩერებულია და წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. კომპანიებს ხელშეკრულებები გაუგრძლდათ. თუ ვალდებულებებს არ შეასრულებენ დაჯარიმდებიან. ანუ სამი მილიარდი ახალი კი არა, უკვე არსებულის განხორციელებაა. მხოლოდ კემპინსკიდან რამდენი მილიონი შემოვა,'' - უპასუხა ბაგრატიონს დავით ბაციკაძემ. 

რამდენიმე კვირის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ აქვს ამბიციური გეგმა, აჭარაში  6 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას და საინვესტიციო პორტფელი სამ მილიარდ ლარამდე გაზარდოს. 

თორნიკე რიჟვაძე აქცენტს, სასტუმროების მშენებლობასა და გაჩერებული ობიექტების ამუშავებაზე აკეთებდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში