პრეზიდენტის შეწყალებული მკვლელობაში მსჯავრდებული, მკვლელი არ არის - ადვოკატი 

17 სექტემბერი 2019, 14:31 3251 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა,​  18 წლის დათო​ ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული, ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 

ბეჟანიძის ადვოკატმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავინ მოუკლავს და ის უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს.  ტარიელ კაკაბაძე ფიქრობს, რომ პატიმრის გათავისუფლებით, სამართლიანობისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. 

''განაჩენი უკანონოა და ბეჟანიძეს არ მოუკლავს დათო​ ოთხმეზური. მცირე ნაბიჯი გადაიდგა სამართლიანობისკენ, როდესაც აღნიშნული უკანონო პატიმარი გათავისუფლდა. შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. სალომე ზურაბიშვილმა ვისთან გაიარა კონსულტაცია ეს არ ვიცი'' - თქვა უფლებადამცველმა. 

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, ადვოკატმა აღარ უპასუხა. 

ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. 

''​​უზენაეს სასამართლოში ერთმა მოსამართლემ, რომელიც იყო თავმჯდომარე მხარი დაუჭირა გამამართლებელ განაჩენს, ორმა კი, გამამტყუნებელს. რეალურად მოხდა ის, რომ ნინო გვენეტაძემ შეასრულა პროკურატურის დაკვეთა. გამოიტანეს ალოგიკური, დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი. 

მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მოწმე, რომელიც პროკურატურას ყავდა დაკითხული, 2016 წელს მოძებნეს, მაშინ, როდესაც მკვლელობა 2004 მოდა. ეს მოწმეები 12 წლის შემდეგ ერთხმად ამბობენ, რომ ასლან ბეჟანიძე ჩადენილი მკვლელობისთვის უნდა ამხილონ. 

სინამდვილეში მოხდა ის, შერჩეული მოწმეები წარსულში დანაშაულში მხილებული პირები იყვნენ და გამოძიება მათ იყენებდა. ვგულისხმობ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს შოთა შანიძეს, რომელიც თავად იყო ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით, ელოდებოდა საპროცესო შეთანხმებას. ხელისუფლება მას პრივილეგიას დაპირდა. ამ დაპირების სანაცვლოდ კი,  ხელი დაადო ბეჟანიძეს და დაეხმარა საგამოძიებო ორგანოს დანაშაულის გახსნაში'' - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა. 

დავით ოთხმეზური თბილისში 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ამ საქმეზე გამოძიება 2004 წელსვე დაიწყო, თუმცა, 12 წელი გასტანა. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული, რამდენიმე კვირის წინ შეიწყალა. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში