მთავრობა საზოგადოების თვალწინ გვინდა ვამხილოთ - რომან გოცირიძე

06 სექტემბერი 2019, 11:56 1189 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ფრაქციის ფორმატში დღეს, 6 სექტემბერს, მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუსმენენ. 

ოპოზიციურმა ფრთამ პროცესებს ჯერ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა გუშინ გადაწყვეტილება შეცვალეს. 

რომან გოცირიძე ამბობს, რომ საზოგადოების თვალწინ დღეს მთავრობა უნდა ამხილონ. შეხვედრაც სწორედ ამომრჩევლების დაკვეთით გადაწყვიტეს. 

''ფრაქციამ გადაწყვიტა, რომ შეხვდეს მთვრობას. ეს ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების მოთხოვნაა, დაისვას ყველა მწვავე და საჭირბოროტო საკითხი რაც ქვეყნის წინაშეა. ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი, ქვეყანა იცლება ხალხისაგან, უმუშევრობა, ათეულ ათასობით ადამიანია წასული უცხოეთში, ჩერდება სტრატეგიული პროექტები, დაასამარეს ანაკლია, ქვეყანაში შეიქმნა პოლიციური სახელმწიფო.

ძალოვანი მინისტრები დაალაგეს და დააკომპლექტეს იმ ნიშნით, რომ მთავარი მიზანი არა ქვეყნის განვითარება არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა. რეალურად ''ქართული ოცნება'' პოლიციურ საარჩევნო სისტემას ქმნის.  ყველაზე და მნიშვნელოვანი დღეს ფაქტობრივად გავრილოვის მთავრობის ფორმირება ხდება. იმ მთავრობის, რომელიც 20 ივნისის მოვლენებში დამნაშავე იყო. ამ ხელისუფლების 7 წლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყანა უკან წავიდა.

დღეს ჩვენ საზოგადოების თვალწინ გვინდა ვამხილოთ ეს მთავრობა, მათი დანაშაულებრივი ქმედებები. სამწუხაროდ ვერაფერს სასიკეთოს ვერ მოვისმენთ, რა უნდა თქვან?  ქვეყანაში მიდის მასიური დაპატიმრებები, ლარი უფასურდება, არის უმუშევრობა'' - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

მინისტრობის კანდიდატებს 2 დღის განმავლოაბაში გაერთიანებული კომიტეტებში სხდომაზე უსმენდნენ. რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ. მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ნდობა, ორ დღეში, 8 სექტემბერს უნდა გამოუცხადოს. მთავრობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში