ტყემალში ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი დამუშავებული წიწაკიდან მოხვდა 

06 სექტემბერი 2019, 11:22 1900 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების, სავარაუდო, წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია - ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge  Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების ვინაობაც, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ ნიმუშები აიღო და ლაბორატორიაში გადააგზავნა. 

''ჩვენს მიერ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავების აღმოჩენის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ კვლევის საბოლოო შედეგები ლატვიიდან ჯერ არ მიუღიათ.

''სააგენტომ აღნიშნული კვლევების გადამოწმების მიზნით, სარეალიზაციო ბაზრიდან ნიმუშები აიღო და კვლევისთვის ლატვიაში, ბიოლის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ჯერ-ჯერობით პასუხები არ არის. სააგენტომ პარალელურად ბიზნესოპერატორებსაც დაავალა თავადც შეემოწმებინათ პროდუქცია, რაზეც კომპანიებმა მზაობა გამოთქვეს'' - ამბობენ სააგენტოში.

საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან ექვსში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

პროდუქტები, რომელშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს "გსქ კულა"
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი
ეს აჯიკა, შპს "ეს"
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

"სუდანის" ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში