ალაზნის ველზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს

26 აგვისტო 2019, 16:13 1706 ნახვა

არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა ალაზნის ველზე, სოფელ ჯუგაანში, დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს. 

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა.

სპეციალისტებმა სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზის ნაშთები იპოვეს. კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. ასევე, აღმოაჩინეს კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი, ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.

''ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი. ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე ბაზისის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი'' - წერია გავრცელებულ ინფორმციაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში