საქსტატის მტკიცებით 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

19 აგვისტო 2019, 13:28 2239 ნახვა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის  63.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით. 

2019 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. 

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 55.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 73.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში ისე კაცებში.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში