ჩემი მთავარი მოვალეობა მომავალზე ფიქრია, რომ ომი არ განმეორდეს - სალომე ზურაბიშვილი

08 აგვისტო 2019, 10:55 1341 ნახვა

​„მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ჟურნალისტებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს აგვისტოს ომზე.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით,დღეს  მისი მთავარი მოვალეობა მომავალზე ფიქრია.

„11 წელი გავიდა და იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 11 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგედია ემატება და ეს არის ის, რომ ამდენი წლის მერე ჩვენ კიდევ ვერ დავძლიეთ ოკუპაცია. ამდენად, ჩემი მთავარი, დღევანდელი მოვალეობა არის მომავალზე ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს, რომ ამ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს ის ძალიან მძიმე ხვედრი, რაც ნიშნავს ომს, დაღუპულებს და დაკარგულ ტერიტორიებს; მეორე მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია არ დარჩეს, როგორც გაყინული საკითხი იმიტომ, რომ გაყინული საკითხები აუტანელია".

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ სტაბილურობა ვერ იქნება, ვიდრე ეს გაყინული ოკუპირებული ტერიტორიები იარსებებს.

პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარები მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 20018 წლის ომში გარდაცვლილთა საფლავები გვირგინით შეამკო.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში