"ოკუპაციაზე ჩენი პასუხია-არა შეგუებას!"- საქართველოს პრეზიდენტი აგვისტოს ომზე

08 აგვისტო 2019, 00:29 1421 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

"დღეს 11 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.
2008 წლის ომი ქართული საზოგადოებისთვის ღია ჭრილობად რჩება. ღია ჭრილობაა იმ მშობლებისთვის, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს და შვილებისთვის, რომლებიც ამ ომის შედეგად მამების გარეშე იზრდებიან.

როგორც მთავრსარდალი, როგორც დედა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია - არა შეგუებას! 
ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგგუებით არც გალსა და ახალგორში ქართველების უფლებების  შელახვას, არც ჩვენი ოსი და აფხაზი მოქალაქეების შევიწროებას და არც მათი ენის და იდენტობის გათელვას.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია ასევე - პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, განვითარების გზის გაგრძელება. ომმა და ოკუპაციამ გეზი რომ არ და ვერ შეგვაცვლებინა...ამაშია ჩვენი უდიდესი ძალა!

არ შეგუება ნიშნავს იმედის და მიზნის არ დაკარგვას.

მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა : არ დავუშვა ის რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს, მაქსიმალურად ავიცილოთ პროვოკაციები. ამავდროულად აუცილებელია ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, რათა ომის ტრაგედია არასოდეს გამეორდეს, დაცული მოქალაქე წინ იყურებოდეს და დაცული ტერიტორია სტაბილური განვითარების საფუძველს გვაძლევდეს. ჩვენი გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არავის ემუქრება. პირიქით ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა მტკიცე და შეუქცევადია.

არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მე ვარ და ვიქნები მთავარი მებრძოლი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში.

ქართულ საზოგადოებაში თანხმობის გარეშე შეუძლებელია ომით ტრავმირებული და გაყოფილი აფხაზური და ოსური საზოგადოებების შემორიგება.  ეს კი ერთადერთი გზაა საბოლოოდ ქვეყნის გამთლიანების.

მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის წინაპირობა სახელმწიფოს მომავალზე სწორებისა და მისი საბოლოო გამთლიანების"- წერს მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში