საკრებულოში, სადაც ''რივიერას'' პროექტს განიხილავენ მერაბ ღოღობერიძე წარწერიანი ცოცხით მივიდა

01 აგვისტო 2019, 11:20 2654 ნახვა

ბათუმის საკრებულოში დღეს რივიერას პროექტის საჯარო განხილვა იწყება. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

სხდომათა დარბაზში ''კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის'' ხელმძღვანელი წარწერიანი ცოცხით მივიდა. 

''სირცხვილია გეყვნენ'', ​​''ბათუმს მეტი ინვესტია, მეტი ნებართვები, მეტი სამუშაო ადგილები'' - მსგავსი შინაარსის წარწერები მერაბ ღოღობერიძე თაბახის ფურცელზე დაწერა და ცოცხზე  მიამაგრა. 

რივიერის პროექტის განხორციელებას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება, თუმცა ისინი დღეს საჯაროს განხილვაზე არ მისულან.

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართეს.

„რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი 16 ივლისს დაუჭირეს.

„ბათუმი-რივიერას“ წინადადება ითვალისწინებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში