პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც დეპუტატის ფარული კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა - შსს

23 ივლისი 2019, 14:04 1701 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. 

'' რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები. აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნულ პირს ბრალი უკვე წარედგინა'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2019 წლის იანვრის თვეში სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქემ გაავრცელა.

'' ვიდეო ჩანაწერი 2019 წლის იანვარში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.- სგან მიიღო'' - აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კადრები ფარულად 2012 წლის მაისში გადაიღეს.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში