წარმოდგენა არა გაქვთ 1 200 000 რა პატარა თანხაა, იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა - ოქრუაშვილი 

22 ივლისი 2019, 14:31 1899 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ 1 200 000 დოლარი, რომელიც დვალს და აქიმიძეს გადაუხადა თავად ''იშოვა''. თანხები ბიზნესმენებისგან მოიზიდა, თუმცა მათ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს. 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის თქმით, 1 200 000 არ იყო მისთვის რთულად მოსაზიდი თანხა. 

''თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ 1 200 000 რა პატარა თანხაა, იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა, იმისთვის, რომ ასეთი ფული მეშოვნა... 2003 წელს მთელი კამპანია, ''ვარდების რევოლუციის'' ჩათვლით, ჩემი დაფინანსებულია. ​ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მილიონ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით გადავუხადე ჯემალ ინაიშვილის მეშვეობით დვალს და აქიმიძეს. ასევე უსასყიდლოდ გადავუფორმე ''ჯორჯიან ონლაინის'' 10 პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა'' - უთხრა ჟურნალისტებს ოქრუაშვილმა. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ შეძლო ოქრუაშვილმა თანხის მოძიება.

ირაკლი ოქრუაშვილი: შემიძლია არ გიპასუხოთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქმეზე ყველა ხანდაზმულობის ვადა გასულია, დამთავრებულია, მაგრამ გეტყვით, რომ ეს თანხა მე მოვიზიდე. იმ ადამიანების სახელების დასახელების უფლება არ მაქვს. არ სურთ ვინაობის გამჟღავნება...''

ჟურნალისტი: ბატონო ირაკლი თქვენი მაშინდელი თანამდებობა თუ გამოიყენეთ ამისთვის?

ირაკლი ოქრუაშვილი: ''არა... მე მქონდა გარკვეული კავშირები, მაშინაც, მანამდეც და მერე. ახლაც მაქვს და თანამდებობის დროსა მქონდა''. 

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, წლების წინ ქიბარ ხალვაშთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო.

ადვოკატი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები გაყალბებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში