''რუსთავი 2'' -ის საქმე - დავა ქართულ და ევროპულ სასამართლოებში

18 ივლისი 2019, 11:16 1715 ნახვა

„რუსთავის 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება თბილისის დროით 12 საათზე გამოცხადდება. ტელეკომპანია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისთვისაც. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. მოსარჩელე მხარე ''რუსთავი 2''-ის წილების გადაცემას ითხოვდა. ხალვაშის მიმართვიდან რამდენიმე დღეში, სასამართლომ ტელეკომპანიისთვის ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, არხს მოძრავი ქონების გასხვისება აეკრძალა და საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა.

2015 წლის ნოემბერში თამაზ ურთმელიძემ, მოსარჩელის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად სცნო  და ''რუსთავი 2'' ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა.

ტელეკომპანიის საქმე ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა, გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უცვლელი დარჩა.

უფრო კონკრეტულად კი 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა და „რუსთავი 2“ კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში შედიოდნენ:  ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი. ორივე მხარე მოსამართლეების აცილებას ითხოვდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 7 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, დღეს, 18 ივლისს კი გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

''რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებდნენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს. 2019 წლის 14 ივლისს, დვალმა და აქიმიძემ ხელისუფლებას სთხოვეს, ''რუსთავი 2''-ის საქმის ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივებულიყო.  

მიმდინარე წლის მაისში ტელეკომპანიის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო დავა დაიწყო. ამჯერად მაუწყებლის მეწილეებს 9 პროცენტის წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ უჩივლა. 

მიმდინარე წლის 25 მაისს, რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა, სოციალურ ქსელში "რუსთავი 2" წინააღმდეგ, ხელისუფლების ახალ ორკესტრირებულ შეტევაზე განცხადება გაავრცელა. ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და აძლევს მითითებებს. 

ნიკა გვარამიას მტკიცებით, საქართველოში "რუსთავი 2" 9%-იანი წილის მფლობელის მიერ შეტანილი სარჩელიც, ამ სქემის ნაწილია. 

ტელეარხი 1994 წელს დაარსდა. თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 

ევროპული სასამართლო არ წყვეტს ვის მიეკუთვნება ''რუსთავი 2''. 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში