ბათუმში, საბჭოთა გენერალ-მაიორს მემორიალურ დაფას გაუხსნიან

16 ივლისი 2019, 15:10 1087 ნახვა

ზუბალაშვილის 5 ნომერში საბჭოთა გენერალ-მაიორის მიხეილ ბეჟანიძის მემორიალურ დაფა გაიხსნება.  გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს მიიღეს. მიხეილ ბეჟანიძეს 1989 წელს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით   გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

ის იყო საქართველოს ღირსების ორდენის, 28 მედლისა და უამრავი საპატიო სიგელის მფლობელი, ასევე ბათუმისა და ქობულეთის საპატიო მოქალაქე. დაიბადა სოფელ ხუცუბანში. 13 წლის განმავლობაში აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და 4 წელი მინისტრად მუშაობდა. იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი-წერია განმარტებით ბარათში.

საბჭოთა გენერლის მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

"დავგუგლე, გამოვიყენე თქვენი ინტერნეტ რესურსი, ვიკიპედია, იქ წერია 12 მედალი, თქვენ გიწერიათ 28. მე ჩავთვალე, რომ თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ და ამიტომ შეგეკითხეთ, ბატონი ბეჟანიძე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის გენერალ მაიორი, თუ მილიციის გენერალ-მაიორი? როგორც მივხვდი ამ ადამიანის ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ იყო გენერალი იყო 1989 წელს, რომელიც სიმბოლურად 9 აპრილის მოვლენებს ემთხვევა. მაინტერესებს უზენაესი საბჭოს სხდომა, რომელმაც მიანიჭა გენერალ-მაიორის წოდება 1989 წლის  9 აპრილამდე იყო თუ მას შემდეგ"-იკითხა სხდომაზე გელა დეკანაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატებმა მას  უპასუხეს, რომ ბეჟანიძეს  წოდება 1989 წელს მიენიჭა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მიხეილ ბეჟანიძე იყო მილიციის გენერალ-მაიორი, აჭარის ასსრ შსს მინისტრის მოადგილე (1975-1988), მინისტრი (1988-1991), დაჯილდოებულია 1 ორდენით და 12 მედლით.

საკრებულოზე წარმოდგენილ განმარტებით ბარათში, თანდართული დოკუმენტაციის რუსულ ვერსიაში წერია, რომ მიხეილ ბეჟანიძეს გენერალ-მაიორის წოდება 1989 წლის პირველ ნოემბერს მიენიჭა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში