საქართველო ევროპული მომავლის მქონე სახელმწიფოა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია - პრემიერის მრჩეველი

11 ივლისი 2019, 12:36 147 ნახვა

პრემიერ მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის საქართველომ ახალი მექანიზმები უნდა აამოქმედოს. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრეს. 

''მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შორის. ცხადი და ნათელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი განვითარებული, როგორც დღეს არის. როგორც დონალდ ტუსკმა განაცხადა, საქართველოს მზაობაც არსებობს, ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროკავშირთან უფრო მეტ ინტეგრაციაზე. ახალ მექანიზმებზე, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა სფეროში მოახდინოს ინტეგრაცია და ევროკავშირთან დაახლოება. 

პრეზიდენტი ტუსკი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. მან ნათლად წარმოაჩინა ის განწყობები, რომელიც ევროკავშირში არსებობს. ეს ცალსახად დადებითი განწყობებია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მიმართ. ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად აღქმადია'' - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული მომავლის მქონე სახელმწიფოა, ეს არჩევანი კი დიდი ხნის წინ გაკეთდა. 

''ყველამ კარგად დავინახეთ ის არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა. საქართველო არის ევროპული მომავლის მქონე სახელმწიფო, ეს არჩევანი გავაკეთეთ ძალიან დიდი ხნის წინ, ეს არის ჩვენი კულტურული და ისტორიული არჩევანი. ეს არის არის ის ცივილიზაცია, რომლის ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო, მიუხედავად იმისა რა მდგომარეობაში იყო მისი სახელმწიფოებრივობა'' - უთხრა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.

ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი