''წინადადებებზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ'' - ლაშა კომახიძე მუსლიმთა თემთან შეხვედრაზე

09 ივლისი 2019, 17:30 1656 ნახვა

მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული წინადადებები მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. 

ბათუმის მერმა კი თქვა, რომ საპირისპირო მხარისგან მზაობას ვერ ხედავს. ლაშა კომახიძის განმარტებით, 21 ივნისს გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული შეთავაზება ძალაში რჩება და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. 

მერი ფიქრობს, რომ პრობლემის დიალოგის გზით მოსაგვარებლად რესურსი არსებობს. რაც შეეხება შეურაცხმყოფელ წინადადებებს, ლაშა კომახიძე ამ ფორმულირებას არ ეთანხმება. 

''მოვისმინე განცხადებები იმის შესახებ თითქოს რაღაც შეურაცმხყოფელ შეთავაზებებს ვაკეთებთ. ამას ვერანაირად ვერ დავეთანხმები, პირიქით, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა და მოწიწება დავაფიქსირო ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად ჩვენი შეხედულებებისა. განსაკუთრებით მოფერებით და სიყვარულით მინდა მუსლიმი მრევლის წინაშე დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება. შესაძლოა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, თუმცა რას თვლიან შედეგად მხარეები ეს არის მნიშვნელოვანი. იმ მიზნის მისაღწევად, იმ პრობლემის გადასაჭრელად რაც მხარეების წინაშე დგას, ჩვენ გავაკეთეთ ძალიან კონკრეტული შეთავაზება, ასევე მედიის საშუალებით აღნიშნული იყო დეტალები ამა თუ იმ ასპექტში და მე არ ვაპირებ ამის ხელმეორედ განმეორებას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს წინადადებებზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ საერთო გამოსავლის საპოვნელად რესურსი კიდევ არის დარჩენილი. მინდა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერსებულ პირს ვუთხრა, თემა ნამდვილად ფაქიზია და ითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას. მუნიციპალიტეტი, თვითმმართველობა, ყველა ჩართული ორგანო მზად ვართ  იმისათვის, რომ პრობლემა იყოს გადაწყვეტილი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად ურთიერთგაგებით'' - აცხადებს ქალაქის მერი. 

21 ივნისს მერიამ, მოლაპარაკებაში ჩართულ პირებს შესთავაზა მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაეცათ. ახალი მეჩეთის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ამაში რისკებს ხედავენ და წინადადებას იწუნებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში