აჭარის მაუწყებლის დირექტორიბის მსურველმა კანდიდატურა მოხსნა

09 ივლისი 2019, 10:29 2110 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის ერთ-ერთმა მსურველმა, დავით დიასამიძემ კანდიდატურა მოხსნა. 

მრჩეველთა საბჭოს წევრები მას დღეს, 9 ივლისს, 10:00 საათზე უნდა გასაუბრებოდნენ, მაგრამ დავით დიასამიძემ გადაწყვეტილება შეცვალა, ამის შესახებ მრჩევლებს აცნობა და კონკურსს გამოეთიშა. 

მიზეზების დასაზუსტებლად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კანდიდატს დაუკავშირდა, დავით დიასამიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

მრჩეველთა საბჭოს წევრები 12:00 საათზე შოთა გურაბანიძეს გაესაუბრებიან. 

მაუწყებელს ახალი დირექტორს ხვალ, 10 ივლისს, 19:00 ფარული კენჭისყრით აირჩევენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კონკურსში 12 პირი თავდაპირველად დარეგისტრირდა, მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც პირველი კონკურსის დროს მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. არიან ახალი სახეები, ესენია თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა ზოიძე და ციალა ქათამიძე.

დანარჩენი კანდიდატები პირველ კონკურსშიც მონაწილეობდნენ, განმეორებით კონკურსში მონაწილეობას  მხოლოდ ნათია ზოიძე და თორნიკე მჟავანაძე არ იღებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი, რომელიც 31 მაისს გაიმართა, ჩავარდა. 8 კანდიდატიდან საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა აპლიკანტმა ვერ დააგროვა. ფარული კენჭისყრა ორჯერ გაიმართა, ხმები კი ასე გადანაწილდა. 2 ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო. ნათია ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ირმა ზოიძემ კი თითო ხმის მოპოვება შეძლეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში