20 ივნისის აქციაზე, რა იყო ლეგიტიმური და რა იყო დანაშაული - სამართლებრივი შეფასება

04 ივლისი 2019, 14:49 1414 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 20 ივნისის აქციაზე, პოლიციის მოქმედების პირველადი სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა. 

EMC-ის ანგარიშში წერია, რომ  აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო კანონით დადგენილი მოთხოვნები. ასევე მოლაპარაკებების რესურსი არ გამოიყენა.

სამართალდამცველებმა მასობრივად გამოიყენეს, ჭარბი საპოლიციო ძალა, რამაც დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება გამოიწვია. 

EMC-ს ასევე მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა.

''ჩვენს ხელთ არსებული საჯარო მასალებისა და ანალიზის შეზღუდული მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გათვალისწინებით, EMC-ს მიაჩნია, რომ 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევის და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა. თუმცა, აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი. პოლიციას არ გააჩნდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით აქციის დაშლისა და ადამიანების მასების მართვის ეფექტიანი, გონივრული და ზედმიწევნითი გეგმა, მან მასობრივად და განურჩევლად გამოიყენა ჭარბი საპოლიციო ძალა და აშკარად დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა და წესები, რამაც შედეგად დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია. შუა ღამით, აქციის პირველი დაშლის შემდეგ, პოლიციის ქცევამ აშკარად თვითნებური ხასიათი მიიღო და უკვე ბუნდოვანი გახდა, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ პარლამენტის შენობიდან უკვე მოშორებით მყოფი შეკრების მონაწილეების რამდენიმე საათის განმავლობაში დევნა, დაკავება და ძალადობა'' - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში. 

EMC-ის მიაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი და ინტენსივობა, ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგისა და პრევენციის სისტემის არარსებობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისა და მენეჯმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცალსახად აყენებს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ლინკზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში