1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - წარმატებული მეოთხე დღე მინსკში

25 ივნისი 2019, 15:59 1358 ნახვა

საქართველოს დელეგაციისთვის ევროპული თამაშების მე-4 დღეც წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა 4 მედალი მოიპოვა. ევროპული თამაშების გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გახდა.თუშიშვილმა ამავდროულად ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაისაკუთრა, რადგან ძიუდოში ევროპული თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ერთ ტურნირშია გაერთიანებული. +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თუშიშვილმა ჯერ რუმინელ პოლონელ და ჰოლანდიელ მეტოქეებს სძლია, ფინალში კი რუსი მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა.

100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა გუნდს ვერცხლის მედალი შემატა. ფინალური შეხვედრა ვარლამმა რუსეთის ნაკრების წევრთან დათმო. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ მოიპოვა. ფინალში გოლოვინამ ბრწყინვალედ იასპარეზა, 53.970 მეასედი ქულა დააგროვა და მეორე შედეგი დააფიქსირა. თამაშების მე-4 დღე ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილის ბრინჯაოს მედლით დაიწყო, ქართველმა მსროლელებმა პისტოლეტით 50 მ დისტანციიდან სროლაში ფინალში 87.7 მეათედი ქულით მესამე ადგილი დაიკავეს. ჩვენი  გუნდი 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს ჩამორჩება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში