სახალხო დამცველს ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან 

17 ივნისი 2019, 11:18 1504 ნახვა

ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან - ამის შესახებ განცხადება ომბუდსმენმა გაავრცელა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მუქარა ლომჯარიას  განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.

ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად, 14 ივნის მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების - გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის მიმართ საქმიანობის ხელშეშლა სცადეს, რაც ფიზიკური დაზიანების მუქარაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა.

''საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის კონკრეტული პირი თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ნინო ლომჯარიას მისამართით, სოციალურ ქსელში დაწერილი მუქარის კომენტარები გუშინ, ეკა გიგაურმაც გამოაქვეყნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში