სულხან ღლონტმა ნდობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა 

14 ივნისი 2019, 17:39 1992 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ სულხან ღლონტი ტურიზმის მიმართულებას ჩაიბარებს. ის ორი წლის განმავლობაში რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

დღეს, 14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ღლონტი თანამდებობას ტოვებს და სამინისტროში გადადის.

წარდგენისას სულხან ღლონტმა ნდობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, რაც მუშაობაში გამოჩნდება.

''ძალიან ბევრ ჩვენგანს ერთად გვიმუშავია, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემთვის თქვენი გუნდის წევრობა დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ ის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რომელიც ამ კუთხით გამაჩნია თქვენი დახმარებით სრულად იქნება რეალიზებული. მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს აჭარის ტურიზმს ძალიან სჭირდება, იმისათვის, რომ ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იყოს. შევეცდები დღეს ამაზე ძალიან მოკლედ ვისაუბრო. დიდი მადლობა ბატონო ჯაბა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, ეს მუშაობაში გამოჩნდება. დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის'' - განაცხადა სულხან ღლონტმა. 

ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული 9 ივნისს მოიპოვა. „World Travel Awards“-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, მადეირაზე გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება საკადრო ცვლილება აღნიშნულ პროცესებს.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ სულხან ღლონტის გადმოყვანის საკითხზე დიდი ხანია მუშაობენ და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, ადგილომონაცვლეობა კი ჯილდოს მიღებას არ უკავშირდება. 

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს ტურიზმის დეპარტამენტს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე იქნება, თუმცა უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრესსამსახურის უფროსის თქმით, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი ასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში