ევროკავშირის მესაზღვრეები მგზავრებს საქართველოშივე ამოწმებენ - ფრენებზე კონტროლი გამკაცრდა

14 ივნისი 2019, 15:38 3607 ნახვა

''გამარჯობათ, ვინც იტალიაში იყავით ბოლო პერიოდში იქნებ მითხრათ, კონტროლი გაამკაცრესო და მაინტერესებს, მოწვევის შემთხვევაში რას გთხოვენ კიდევ?... შარშან ვიყავი, მოწვევა ნახეს და სხვა არაფერი უკითხავთ, არც ჯავშანი, არც დაზღვევა და არც თანხა,'' - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

გოგონა წერს, რომ საზღვრის კვეთის დროს, წესების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მას სხვა მოქალაქეებიც ეხმაურებიან და კომენტარებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს აეროპორტებში, კონკრეტულად კი ქუთაისის აეროპორტში, საიდანაც ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი მგზავრი მიფრინავს, უცხოელი მესაზღვრეები იმყოფებიან. ისინი მგზავრებს გაფრენამდე იბარებენ, ესაუბრებიან და დოკუმენტაციას ამოწმებენ.

ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპაში წამსვლელთა ნაწილს, რომლებმაც მესაზღვრეების აზრით, შესაძლოა შენგენის ზონაში დარჩენა მოინდომონ და რის ჯგუფს წარმოადგენენ,  გასაუბრებაზე წინა დღითაც იბარებენ. საბუთების წარდგენას სთხოვენ, რაც ისედაც საჭიროა ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობისას: ფული დაზღვევა, ჯავშანი, ბილეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს აეროპორტების გაერთიანებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ისინი ძველი მოცემულობით მუშაობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ამ პროცესში ჩართული არ არიან. 

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა ქუთაისის აეროპორტში ფოტოები გადაიღეს, სადაც იტალიელი მესაზღვრეები ჩანან.

 

მაუწყებელი უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვებას იმ აეროპორტში ცდილობს, სადაც მოქალაქეებთან გასაუბრება მიმდინარეობს...  დეტალებს 21:00 საათზე გაიგებთ.

უკანონო მიგრაციაზე ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად საუბრობენ, გაიზარდა იმ მოქალაქეების სტატისტიკაც, რომლებიც ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ.

სამშობლოში არალეგალების დაბრუნება, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, საქართველოს მოქალაქეები ვიზის დარღვევის გამო, სპეციალური რეისებით უკან დააბრუნეს.  პარალელურად მიმდინარეობს, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პოლიტიკა. 

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, ხელისუფლებამ რამდენიმე ქვეყნისგან გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად, მთავრობა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს, ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ვიზალიბერალიზაციის კუთხით პრობლემაზე, 24 აპრილს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც ისაუბრა. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან ერთად უნდა იმუშაოს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ 90 დღის განმავლობაში იმოგზაურონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში