"არაპროფესიონალიზმის დრო უნდა დასრულდეს" - დირექტორობის კანდიდატი მერაბ წულუკიძე

30 მაისი 2019, 18:00 3959 ნახვა

"მიმაჩნია, რომ  ტელევიზიის  სათავეში  უნდა მოვიდეს ის ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად თავად გაუვლია ტელევიზიაში თანამდებობრივად ყველა ეტაპი.  ტელევიზიის შიდა სამზარეულო უნდა იცოდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასდროს ვერ დასვამ დიაგნოზს თუ რა სჭირს ტელევიზიას, შესაბამისად ვერც ვერასდროს გამოწერ რეცეპტს თუ რა უნდა გააკეთო,"- ამ განმარტებით დაიწყო საკუთარი პრეზენტაცია  ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთმა მსურველმა მერაბ წულუკიძემ.

ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში თუ კი რამ დაშავდა, დაშავდა არაპროფესიონალიზმის გამო.  "ეს დრო  უნდა დავასრულოთ, არაპროფესიონალიზმის დრო უნდა დასრულდეს,  პური უნდა გამოაცხოს მეპურემ,  ჟურნალისტიკა უნდა მართოს ჟურნალისტებმა", - განაცხადა პრეზენტაციაზე დირექტორობის კანდიდატმა.

მერაბ წულუკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასა და სანდოობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ქართულ მედიაბაზარზე, მაუწყებლებმა უნდა შექმნან მაღალი სტანდარტი - ინფორმაციის სანდოობის სტანდარტი, რომელსაც აღარ სჭირდება გადამოწმება. ფიქრობს, რომ წლების შემდეგ, "ეს აუცილებლად დაილექება მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის უტყუარი ინფორმაციის წყარო".

"საზოგადოებრივი  მაუწყებლის მუდმივი მოვალეობაა ხელისუფლების შეჯანჯღარება, ჟურნალისტიკა უნდა აიძულებდეს ხელისუფლებას იყოს კარგი ხელისუფლება, პოლიტიკოსებს უნდა აიძულებდეს  შექმნან  კარგი პოლიტიკა."

ადამიანური რესურსის ეფექტურად გამოყენება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება,  სატელევიზიო პროდუქტების ვიზუალური ხარისხისა და ონლაინ  მედიის უფრო ეფექტურად გამოყენება - მერაბ წულუკიძემ ტელევიზიის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ეს სამი მიმართულება გამოყო.

"არ შეიძლება ადამიანების ერთი ნაწილი იყოს დასაქმებული მეტი დოზით, ხოლო მეორე ნაწილს ქონდეს მეტი თავისუფალი დრო. მაუწყებელში უნდა მოხდეს ადამიანური რესურსის ეფექტური გამოყენება... მგონია, რომ  ვიზუალური ეფექტი აკლია ტელევიზიას, ამის გარეშე კი შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება. არ შეიძლება ფერთა ბალანსის, ხმის ბალანსის ან სტუდიების ვიზუალიზაციის უგულებელყოფა. ადამიანებს, რომლებსაც სტუმრად ვიწვევთ სტუდიაში, არ უნდა ჰქონდეთ არასერიოზულობის განცდა,“ - მიიჩნევს კანდიდატი.

მერაბ წულუკიძემ პრეზენტაციისას არაერთხელ აღნიშნა, რომ დაუშვებელია დირექტორი იყოს ერთპიროვნული მმართველი: "საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა არ ნიშნავს ერთპიროვნულ მმართველობას. უნდა იყოს კოლექტიური მმართველობა და დირექტორს არც უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე აიღოს პრობლემების გადაჭრა".   

 

პირველი არხის მოქმედი ჟურნალისტი ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიას პრაქტიკულად არ აქვს ეკონომიკური სეგმენტი, არც განათლების მიმართულებით არის რაიმე ეფექტური გადაცემა. მაუწყებლის ბადეში არ არის საბავშვო გადაცემები და  დოკუმენტური ფილმები. 

კანდიდატს ყველაზე პრობლემურად ​მაუწყებლის ეთერში ახალგაზრდების თემატიკის სიმწირე მიაჩნია. ამბობს, რომ ისინი არ ჩანან არხზე, მათ პოზიციები სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, მწირი დოზით არის წარმოდგენილი. 

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური კიდევ უფრო მობილური და ეფექტური უნდა გახდეს. ტოკ-შოუები და სატელევიზიო სტუდიები კი გათავისუფლდეს ერთი და იგივე რესპოდენტების სინდრომისგან. 

"რეპორტიორი დამაჯერებელი უნდა იყოს, არ შეიძლება ახალბედა ჟურნალისტი შეაგდო პირდაპირ ეთერში, იგივეს ვიტყოდი წამყვანებზე. ადამიანებს უნდა სჯეროდეთ იმ ადამიანების, რომელბიც აწვდიან ინფორმაციას - ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი, უნდა დაინერგოს რეპორტიორის რედაქციაში გაზრდის ტენდენცია". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში