შესაძლოა, მძღოლები 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ თუ ტექდათვალიერება ვერ გაიარეს

28 მაისი 2019, 13:32 3115 ნახვა

1 აპრილიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება კანონით სავალდებულო გახდა. ავტომობილის მძღოლები ვალდებულები არიან, გაიარონ შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოძრაონ ქუჩებში. 

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მძღოლები, რომელთა ავტომობილებმაც ვერ გაიარეს ტექნიკური დათვალიერება, მაინც გადაადგილდებიან გზებზე. ასეთ მძღოლებს, თვეში ერთხელ 50 ლარით აჯარიმებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა უწყებაში გეგმავენ სანქციები ამ მიმართულებით გაამკაცრონ. 

„ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ“, - აცხადებს "რადიო თავისუფელბასთან" შს სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელი ბექა ლილუაშვილი.

მისი თქმით, შს სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ინიციატივა წარუდგინოს. 

"დღეს არსებული მდგომარეობით, მძღოლებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ტექნიკური ინსპექტირება, ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ. ეს არის შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან. რაკიღა კანონში არ არის დაკონკრეტებული დაჯარიმების ზუსტი პერიოდი, ჩვენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, პარლამენტში შევიტანთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე დაჯარიმება", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულოა ყველა ტიპის ავტომობილისთვის. ხარვეზის მქონე ავტომობილების მფლობელები, რომლებიც გზებზე გადაადგილებას არ შეწყვეტენ, დაჯარიმდებიან როგორც საპატრულო პოლიციიის, ასევე ჭკვიანი კამერების მიერ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში