ექსკურსიებზე წასვლა მარტივი აღარ იქნება - რეგულაციები მკაცრდება

27 მაისი 2019, 18:33 13186 ნახვა

სასკოლო არდადეგები ახლოვდება და ექსკურსიების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ყოველ წელს, ახალ ლოკაციას არჩევენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთ ან ორდღიან ექსკურსიებს აწყობენ. მოსწავლეთა ჯგუფს თან ახლავთ მშობლებიც, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ექსკურსიაზე უარს ამბობს, ისინი გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სიტყვით ხსნიან - ''გვეშინია''. 

ვინც მოსწავლეების ჯგუფურ ტრანსპორტირებაში საფრთხეს ხედავს, მოგზაურობისგან თავს იკავებს. მშობლების ნაწილი კი უბრალოდ ფიქრობს, რომ რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. სკოლას საკუთარი გამართული ტრანსპორტი ჰყავდეს და ექსკურსიის დროს პასუხისმგებლობა ერთ კონკრეტულ პირს დაეკისროს. 

სასკოლო ექსკურსიებზე წასვლის მსურველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის რეგულაციები, სავარაუდოდ მალე გამკაცრდება. კანონში შესატან ცვლილებას პარლამენტში კენჭს ხვალ, 28 მაისს უყრიან. მკაცრდება მოსწავლეთა ტრანსპორტირების მოთხოვნები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ნორმები. 

დეპუტატი სოფიო კილაძე ამბობს, რომ ბავშვების უსაფრთხოებისთვის სასკოლო ექსკურსიების ორგანიზების წესი უნდა გამკაცრდეს. ''ქართული ოცნების'' წევრს, ერთ-ერთ მიზეზად ექსკურსიების დროს მოსწავლეთა გარდაცვალების გახშირებული ფაქტები მოჰყავს. 

''სამწუხაროდ, არაერთი ფატალური შემთხვევა გვქონდა. რამდენიმე ბავშვი ექსკურსიაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა ან დაშავდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსში ერთ-ერთი ნაწილი  სწორედ ამ საკითხისთვის დაგვეთმო. მაგალითად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა განისაზღვროს, რომელიც ექსკურსიის მსვლელობისას, მათ ყურადღებით მიადევნებს თვალყურს. ეს პირი კი ექსკურსიის ორგანიზატორმა უნდა დაადგინოს. ასევე, მნიშვნელოვანია, ტრანსპორტირების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვა. ექსკურსიაზე ერთი პირი მაინც უნდა ახლდეს ბავშვებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოზარდებს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმისა, რომ თითოეული ბავშვი აბსოლუტურად დაცული იქნება, მაგრამ  ვფიქრობთ, სისტემური მიდგომით რისკებს მინიმუმამდე დავიყვანთ. მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ბავშვები,'' - ამბობს სოფიო კილაძე. 

ექსკურსიაზე წასვლამდე კლასის ხელმძღვანელი ავსებს სპეციალურ სანებართვო ფორმას, რომელსაც ახლავს მოსწავლეთა სია, მათი მშობლების თანხმობის ხელწერებით. ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის მოწმობა, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ასევე, სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც რომელიმე თანხმლები პირი უნდა ფლობდეს. დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კი წასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, მაინც სკოლის დირექცია იღებს.

გუშინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე მყოფილი 16 წლის გოგონა მდინარეში გადავარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა. ის დღეს მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. 

დღეს კი ექსკურსიის დროს 7 წლის ბავშვი დაშავდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში