მინისტრობის კანდიდატად, ერთი კაცი და სამი ქალი განიხილება - ქალ კანდიდატურას არ გამორიცხავს თორნიკე რიჟვაძე

27 მაისი 2019, 14:38 8348 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე არ გამორიცხავს განათლების მინისტრის პოსტზე ქალი შეარჩიოს. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მას შემდეგ უთხრა, რაც კითხვა ოთხ სავარაუდო კანდიდატზე დავუსვით. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდო მინისტრობის კანდიდატებიდან,  სამი  ქალი, ხოლო ერთი კაცია.   

"გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები, შემდეგ უკვე წარმოგიდგენთ თქვენც და საზოგადოებასაც ვინ იქნება განათლების მინისტრი. ბუნებრივია არ გამოვრიცხავთ, ჩვენს მთავრობაში და მინისტრის მოადგილეების დონეზე, ძალიან ბევრი წარმატებული და კეთილსინდისიერი კადრი გვყავს. რაც შეეხება მინისტრის დონეზეც ბუნებრივია გამორიცხული არ არის, რომ ქალბატონმაც დაიკავოს ეს თანამდებობა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებას, განათლების მინისტრი გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან,  სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. ნაწილმა მიიჩნია, რომ ინგა შამილიშვილის გადაყენებისთვის მთავრობის თავმჯდომარე მიზეზს ეძებდა, რადგან მას შენიშვნები ჰქონდა უწყების მუშაობაზე. 

"გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით მე ანალიზი, დაახლოებით იმ ერთი საათის განმავლობაში გავაკეთე, რომელიც მქონდა. 26 მაისს, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, ბათუმში არ შეიძლება იმ კონტექსტში ფრიალებდეს რუსული დროშები, ბუნებრივია ამ საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო. ეს პასუხისმგებლობა დადგა, ეს იყო შეცდომა და გარკვეულწილად გაუთვლელობა თუ რა დღეს ხდებოდა ფესტივალის ორგანიზება.

დანარჩენ კონკრეტულ შენიშვნებს რაც შეეხება, საქმიან დავალებებს, ბუნებრივია მათი დიდი ნაწილი სრულდებოდა და მათ დიდ ნაწილთან დაკავშირებით, შესაძლოა მქონოდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ გუშინდელი ფაქტი და გუშინდელი კონკრეტული გადაწყვეტილება უკავშირდება ერთმანეთს პირდაპირი მნიშვნელობით" - ამბობს მტავრობის თავმჯდომარე. 

გუშინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლისთავზე, საზეიმო ღონისძიებების დროს, ფესტივალის ფარგლებში რუსული დროშები ფრიალებდა. ქუჩებში კი "ოქროს დელფინის" რუსი მონაწილეები, სკანდირებდნენ "რასია, რასია".

რუსული დროშების ფრიალს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი, ფესტივალი ორგანიზატორი განათლების სამინისტრო, მინისტრის გარეშე ამ ფაქტის გამო დატოვა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში