რა მიზეზით არ მიეცა ლექციის ჩატარების უფლება ''იდენტობას''

18 მაისი 2019, 19:21 1317 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენლებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცეს. „17 მაისი- თავისუფლების ილუზია” - ლექცია, სადაც ლგბტ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე უნდა ემსჯელათ, 17:00 სთ-ზე იყო ჩანიშნული. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის მენეჯერი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ  საჯარო ბიბლიოთეკის  დირექტორმა ლექციის ჩატარებაზე უარი  თავდაპირველად,  შესაძლო პრობლემებისა და ლგბტ თემისადმი საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით განაცხადა, თუმცა მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მას დისკრიმინაციის ნიშნებზე მიიუთითეს, ინგა გოგიბერიძემ საბოლოო უარი შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო თქვა. 

„ ლექციის მიზანი იყო კრიტიკული პერსპე ქტივიდან გაგვეანალიზებინა საქართველოში ლგბტ აქტივიზმი, გვემსჯელა იმაზე თუ რამდენად პასუხობს სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფების მოღვაწეობა რეალურად თემის წევრების საჭიროებებს. შეხვედრა შევათანხმეთ ბათუმის ამერიკულ კუთხდესთან, თუმცა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა დღეს სხვადასხვა მიზეზით გვითხრა შეხვედრაზე უარი. ერთი იყო, რომ  ეს არის ვიწრო ჯგუფის საკითხი და საჯარო ბიბლიოთეკას არ ეხება. როცა ვუთხარით, რომ ეს დისკრიმინაციული განცხადებაა, გვითხრა, რომ მაშინ ჩავნიშნავ რემონტს“- ამბობს „იდენტობის“ წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია. 

საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე  შეხვედრის თემატიკის გამო უარის თქმას უარყოფს. ამბობს, რომ „იდენტობას“ ჩანიშნული ღონისძიების ჩატარების უფლება მხოლოდ სარემონტო სამუშაოების გამო შეეზღუდა. დირექტორი ირწმუნება, რომ რემონტი არასამუშაო დღეს სპეციალურად ჩაინიშნა, რათა მკითხველისთვის ხელი არ შეეშალათ. ინგა გოგიბერიძე ადასტურებს, რომ ამერიკული კუთხე ღონისძიებების ნაწილს ბიბლიოთეკის მენეჯმენტთან შეთანხმების გარეშეც ატარებს. 

„ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ამერიკულ კუთხეს ემატება სველი წერტილი. რადგან არასამუშაო დღეა, იმისათვის რომ  მკითხველები არ შევაწუხოთ, დავგეგმეთ სამუშაოები. ჩვენ ყველას ვაძლევთ უფლებას. მითუმეტეს ამერიკული კუთხე არის ის კუთხე, რომელიც აძლევს ადამიანებს თავისუფალი გამოხატვის საშუალებას და ჩვენი ბიბლიოთეკა არის საგანმანათლებლო ბიბლიოთეკა“- ამბობს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე.

ამერიკული კუთხის კოორდინატორი ამბობს, რომ შეხვედრის შინაარსი ბათუმის ამერიკული კუთხისთვის მისაღები იყო, თუმცა მამუკა საფარიძემ დღეს გაიგო იმის შესახებ, რომ სარემონტო სამუშაოები დღის მეორე ნახევარში იყო ჩანიშნული.

„იდენტობის“ ბათუმის ორგანიზაციის მენეჯერი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო შეხვედრაზე უარი გუშინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც უთხრა. 

არის თუ არა დისკრიმინაციული ბსუ-სა და საჯარო ბიბლიოთეკის დამოკიდებულება „იდენტობის“ მიმართ, კომენტარზე უარი გვითხრეს ბსუ-ში და მერიაში. საჯარო ბიბლიოთეკა მერიის დაქვემდებარებია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში