მართვაში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს - პრემიერ მინისტრი 

17 მაისი 2019, 13:29 2249 ნახვა

''სამწუხაროდ განცდა მრჩება, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი'' - ასე გამოეხმაურა მამუკა ბახტაძე, მთავრობიდან დათხოვნილი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სახელმწიფო კომპანიებში კორუფციის არსებობას ეხებოდა. 

საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ქობულიამ დეპუტატებს უთხრა, რომ აღნიშნულ კომპანიები არის "არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებებისა და ნეპოტიზმის ბუდე", თუმცა ამის პარალელურად, ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ "კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება 8 თვის განმავლობაში საკუთარი თვალით არ უნახავს".

ქობულიამ საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს ბათუმიდან გამოეხმაურა. ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მინისტრს, მსგავსი შინაარსის განცხადებების გასაკეთებლად, კონკრეტული საბაბი. 

''ზოგადად მართვაში, მათ შორის როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები. ბოლო თვის, ბოლო კვარტლების შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება მთავრობის ბოლო სხდომას, კონკრეტული სტატისტიკა მოვიყვანე და ეს არის ყველაზე მყარი არგუმენტი. 

რაც შეეხება ასე ვთქვათ თეორიებში ლაპარაკს, ჯობია რომ ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოს. მე შემიძლია შეგპირდეთ, რომ როცა იქნება კონკრეტული ფაქტი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ და რა დონეზე არის გარეული კორუფციაში, ჩვენ და კანონი იქნება ძალიან მკაცრი'' - თქვა პრემიერ მინისტრმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში