აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ''ახალი ამბების'' ოპერატორები გაფიცვას გეგმავენ

15 აპრილი 2019, 00:00 3494 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი შესაძლოა გაიფიცოს, ამის შესახებ ინფორმაციას მაუწყებლის ოპერატორები წერილობით ავრცელებენ.

"წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები, ძირითად საქმიანობასთან ერთად ვასრულებთ მემონტაჟის ფუნქციას, მაგრამ დღემდე ვღებულობთ მხოლოდ ოპერატორის დაბალ ანაზღაურებას. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ გაზრდილიყო ხელფასები ან მოეხსნათ მემონტაჟის ფუნქცია, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. მივმართეთ დირექტორს, ბორდს, ჩავრთეთ პროფკავშირები.

პროფკავშირების მიმართვით დაიწყო მედიაცია, თუმცა უშედეგოდ. დირექტორის განმარტებით, ჩვენი საკითხი უნდა განიხილოს 2020 წლისთვის, მაშინ, როდესაც დირექტორის საარჩევნო ვადა მთავრდება 2019 წელს. დირექტორის მხრიდან ჩვენი მოთხოვნების იგნორირება გრძელდება. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ  იძულებული გავხდებით მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას" - წერია განცხადებაში.

წერილი მაუწყებელში დღის ბოლოს  დარეგისტრირდა.   საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენელმა კი, დღეს მრჩეველთა საბჭოზე განაცხადა, რომ  "ოპერატორების დაჟინებული მოთხოვნით, შევწყვიტეთ მედიაციის პროცესი და წერილი გავგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროში".

კითხვაზე რატომ გადაწყვიტეს ახლა მედიაციის შეწყვეტა, როცა დირექტორის იმპიჩმენტს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს, პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ომარ ბერიძე ამბობს, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა.

"მოპალარაკეკბები დიდი ხანია ვერ შედგა და ამიტომ გაღიზიანებული იყო ერთი მხარე, რომელიც ითხოვს პირობების გაუმჯობესებას. ეს არ არის ახალი პროცესი და მიმდინარეობს წელიწად-ნახევარია. შეიძლება  ვიღაცას ეგონოს, რომ ვიღაცეებთან კონსულტაცია გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს აბსურდია. ჩიხურ სიტუაციაში შევედით, მართალი გითხრათ, არ ვიცი რითი დამთავრდება. არ ვარ გაფიცვების მომხრე, როგორც პროფკავშირებს მინდა, რომ შედგეს მოლაპარაკება".

ომარ ბერიძემ თქვა, რომ ამ საკითხზე მიმართეს ყველას:  "მივწერეთ მთავრობასაც, პროფკავშირებს მივმართეთ, ბორდსაც, ყველამ დაგვაბრუნა მენჯმენტთან. ჩაკეტილ წრეზე რახან ვტრიალებთ, შევწყვიტოთ ეს მოლაპარაკებები".

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას შეხვედრა ჰქონდათ ოპერატორებთან, თუმცა როგორც ოპერატორები ამბობენ,  პროტეტს განაგრძობენ.

ამავე კატეგორიაში