მუფთი: ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ ჩაუტარდეს აღმოჩენილ 150-მდე ნეშტს დნმ-ის ანალიზი

10 აპრილი 2019, 00:00 1156 ნახვა

ვუსამძიმრებ და ვუთანაგრძნობ ყველას, ვისაც საბჭოთა რეპრესიების დროს დაკარგა ოჯახის წევრი, ახლა კი კიდევ ერთხელ უნდა გადაიტანონ ეს სიმძიმე - ასე გამოეხმაურა საქართველოს მუფთი  ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე აღმოჩენილი ნეშტების თემას, რომლებიც, სავარაუდოდ, 1937-38 წლებში, სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნით.

აჭარაში, ამ პერიოდში, 650-ზე მეტი ადამიანი დახვრიტეს, ამიტომ ვის ეკუთვნის ნაპოვნი ნეშტები? ამის დასადგენად სახელმწიფოს მოქალაქეებთან და ისტორიკოსებთან ერთად, უკვე სამუფთოც მიმართავს. 

"5 დღის წინ გავიგე ეს ამბავი, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა თუ ასეთი სამარხი  იპოვეს, საიდანაც ამოიღეს ძვლები. სამუფთოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, მრევლმა მოგვმართა და სურდათ ჩავრთულიყავით ამ საქმეში.  რთულია ამაზე საუბარი, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა ის ადამიანი, ახლობელი, ვინც რეპრესიების დროს დაკარგა ოჯახის წევრი. 

ვთხოვთ სახელმწიფოს, ჩაუტარდეს ნაპოვნ ნეშტებს დნმ-ის ანალიზი და გავიგოთ ვისი ახლობელის ნეშტი იქნა აღმოჩენილი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დახვრეტილი ახლობლები იპოვეს.

დახვრეტილთა სახელობით სიაში ძალიან ბევრი მუსლიმი სულიერი წინამძღვარია. ასევე, იმ პერიოდის აჭარაში, აჭარელ ქართველებში 60-70% მუსლიმები იყვნენ, 600-ზე მეტი სახელია რეპრესირებულთა შორის, თუმცა მხოლოდ 150 ნეშტია ამოღებული," - ამბობს ბეგლარ ქამაშიძე

მუფთი აცხადებს, რომ თუ ნეშტების იდენტიფიცირება ვერ მოხდება, სასურველია, რომ მათი საფლავი ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყოს. ბეგლარ ქამაშიძე მიიჩნევს, რომ არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არ უნდა დარჩეს გულნატკენი. 

"რადგან ერთ საფლავში არიან მოთავსებული, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რომ კარგი იქნება მოხდეს ამ ადამიანების დასვენება ნეიტრალურ სასაფლაოზე, არ უნდა ტკიოდეს გული არც ერთ რელიგიურ დაწესებულებას, არც უნდა ჩატარდეს ისეთ დროს გასვენება, რომ რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვეს. ეს უნდა იყოს სამოქალაქო გასვენება. საფლავებზე არ უნდა იყოს რელიგიური ატრიბუტიკა, არ უნდა ჩატარდეს არც ერთი რელიგიის რიტუალი," - ამბობს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

ამავე კატეგორიაში