მეჩეთის საკითხის დიალოგის გზით მოგვარების, არანაირი ნიშანწყალი არ არის - ტარიელ ნაკაიძე პროცესის გადადებაზე

09 აპრილი 2019, 00:00 1992 ნახვა

''არ მიკვირს ბატონი მერის ასეთი დამოკიდებულება და არაადეკვატური განცხადებები, თითქოს ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. საკითხის მოგვარების აბსოლუტურად არანაირი ნიშანწყალი არ არის'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ტარიელ ნაკაიძემ

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ბრძოლას სამართლებრივი გზით აგრძელებენ, ასრულებენ მრევლის დაკვეთას, რომლებიც ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს.

'' მოლაპარაკებაზე ერთხელ უკვე დავთანხმდით, რომ საბოლოო შედეგამდე მიგვეღწია. ჩვენ ეს ეტაპი გავიარეთ და სამწუხაროდ შეთანხმება ვერ მოხდა. აბსურდულ რაღაცას ითხოვდნენ, არსებული მიწა, რომელიც ეკუთვნის საზოგადოებას, ხალხს, გადაეცეს რომელიმე სხვა ორგანიზაციას. თითქოსდა იმ ორგანიზაციას მისცემენ მშენებლობის უფლებას. ეს არის არასწორი მიდგომა. როცა მერია ასეთ რამეს გვთავაზობს, ეს არის კანონის დარღვევა და მუსლიმი თემის უპატივცემულობა. მრევლმა ასე გადაწყვიტა და ასე სჭირდება. ეს არის ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაცია და მერიას არ აქვს უფლება, გამოხატოს რაიმე სახის დამოკიდებულება, რომელიმე ორგანიზაციის უპირატესობაზე ან არაუპირატესობაზე. ჩვენ მუსლიმი მრევლის კარნახით ვმოქმედებთ. ხელმძღვანელებს ისინი  გვავალებენ, რომ გავაგრძელოთ სამართლებრივი ბრძოლა და შესაბამისად სამართლებრივად მივიღოთ ნებართვები'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ტარიელ ნაკაიძემ

მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, საზოგადოების მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ვინმესთვის გადაცემას არ დაუშვებენ, თუმცა ტარიელ ნაკაიძის განმარტებით, თუ მუსლიმთა სამმართველო მეჩეთის მშენებლობას დაიწყებს, მზად არიან  მშენებლობისათვის საჭირო ყველა ნებართვა მისცენ.

ამბობს, რომ მთავარია აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი სამლოცველო აიგოს. 

''ჩვენ მუსლიმი სამმართველოს მიმართ პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ გვაქვს უნდობლობა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც 2014 წელს სახელმწიფომ კონკრეტულად ამ ორგანიზაციის მიმართ განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად თავს ვიზღვევთ. არ გვინდა კიდევ ერთხელ დავრჩეთ მოტყუებული. მოლაპარაკების რეჟიმი დასრულდა მაშინ, როცა სასამართლომ მერიას ერთ თვიანი ვადა მისცა და გავიდა ფაქტიურად 27 თვე. კიდევ 27 თვით პროცესის გადადება გამორიცხულია. მუსლიმთა სამმართველო არის სახელმწიფოს მიერ დაარსებული ორგანო, რომელსაც ვერ აკონტროლებს მუსლიმი თემი. ''ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი'' კი არის მუსლიმების მიერ დაფუძნებული, რომელსაც აკონტროლებენ მუსლიმები. შესაბამისად, მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემა ამ მიწისა ნიშნავს სახელმწიფოზე გადაცემას და აქედან გამომდინარე ჩვენ არა ვართ დაზღვეულები'' - ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, იურისტები, სხდომის გადადების ინიციატივას ისევ დააყენებენ. 

გენერალ აბაშიძის 49 ნომერში ახალი მეჩეთის მშენებლობა, რამდენიმე წლის წინ დაწყო და ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა. 

სასამართლო დავა კი 2017 წლიდან მიმდინარეობს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში